თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ტარიფს სპეციალური კომისია დაადგენს. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. კომისია 21 დღის განმავლობაში შეისწავლის სიტუაციას და მხოლოდ ამის შემდგომ განსაზღვრავს მგზავრობის ტარიფს, მანამდე კი კომპანია ,,ინტერტრანსი“ თანახმაა, რომ მგზავრებს ხვალიდან ძველი ტარიფით - 1,50-ის სანაცვლოდ მოემსახუროს.
რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დღევანდელი სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას სამუშაო ჯგუფის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, კომპანია ,,ინტერტრანსის“ დირექტორი, ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.
დამსწრის სტატუსით დაესწრნენ სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
რუსთავის მერმა ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს ინიციატივით მიმართა. როგორც მან განაცხადა, ტარიფი კომისიამ უნდა დაადგინოს, ამასთანავე სატრანსპორტო კოლაფსი არ უნდა შეიქმნას.
„მე წარვადგინე ჩემი რეკომენდაციები და გამოვედი სხდომიდან. მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ თვითმმართველობას ეძლევა უფლებამოსილება ანალოგიურ სიტუაციებში, კონკურსის გამოცხადებამდე ინდივიდუალურად გააფორმოს ხელშეკრულება ნებისმიერ გადამზიდავთან. ეს დადგენილება იქნება უფლებამოსილების გაზრდა იმისათვის, რომ ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსში არ ჩავარდეს და არ მოხდეს მანიპულირება იმ საშუალებებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე ცუდად აისახება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შეხვედრაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მოუწოდა, რომ პოლიტიკურ არენად ნუ გადააქცევდნენ დღევანდელ შეხვედრას და იაფი პოლიტიკური ბრალდებებისათვის ნუ გამოიყენებდნენ შექმნილ მდგომარეობას. ლევან ონიანმა აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა.