500 ევროიანი კუპიურების გამოცემა შეწყდება

ევროზონის 19 ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს შეწყვიტონ 500 ევროიანი ბანკნოტების გამოცემა. როგორც ბელგიური გამოცემა Le Soir წერს, აქედან 17 ქვეყანა ამ იასამნისფერი კუპიურის გამოცემას 27 იანვრიდან შეწყვეტს, დანარჩენი ორი - გერმანია და ავსტრია კი, 26 აპრილიდან. შედეგად მოხდება ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც აღნიშნული კუპიურების მიმოქცევიდან ამოღებას 2016 წლიდან ითხოვდა, არალეგალურ ფინანსურ ოპერაციებში მისი ხშირი გამოყენების გამო.

პირველ რიგში, ის გამოიყენებოდა ყველა სახის კრიმინალური ანგარიშსწორებისას, მათ შორის ნარკოვაჭრობისა და იარაღის კონტრაბანდის დროს, ასევე ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მეორეს მხრივ კი, ლეგალური ბიზნესისთვის ეს კუპიურები უკვე დიდი ხანია შეზღუდულია ელექტრონული გადახდების გამო.

სულ უფრო მეტი ევროპული მაღაზია, სასტუმრო, ავტოსერვისი და სხვადასხვა ბიზნესი უარს ამბობს 500 და 200 ევროიანი კუპიურების მიღებაზე, სწორედ მათი ხშირი გაყალბების გამო.

უახლოესი წლების განმავლობაში ეს კუპიურები მიმოქცევაში დარჩება ლეგალურად და ბანკები მათ მიიღებენ, თუმცა ამ გზით მოხდება მათი ამოღება მიმოქცევიდან.

ევროპის ცენტრლაური ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის 521 მილიონი ერთეული 500 ევროიანი კუპიურაა მიმოქცევაში და მათი ჯამური ღირებულება 260,5 მილიარდი ევროა. საერთო ჯამში, 500 ევროიანი ბანკნოტები მთლიანად ევროს ბანკნოტების 2,4%-ს შეადგენს და მათზე მოდის მსოფლიოში არსებული ევროს კუპიურების ღირებულების 20%. მათი ბოლო მოდიფიცირება მოხდა 2014 წელს. პირველად კი ბანკნოტი 2002 წელს გამოჩნდა.

ამიერიდან ევროს ყველაზე მსხვილი კუპიურა 200 ევრო იქნება, რომლის სარგებლიანობაც ასევე ეჭვქვეშ დგას ევროზონაში.

კოკა კვირკველია