"რეზონანსი" - საქონლის ხორცი მკვეთრად გაძვირდა, ღორისა კი სწრაფად იაფდება

საქონლის ხორცზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასი მატულობს და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სანაცვლოდ, იაფდება ღორის ხორცი და იგი დაბალ ნიშნულზე კარგა ხანი შენარჩუნდება. პირველ შემთხვევაში, პრობლემა წარმოების სიმცირეა. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბოლო პერიოდში ღორის მოშენება საკმაოდ ორგანიზებული გახდა, რაც უკრაინიდან გოჭების შემოყვანას უკავშირდება.

დღესდღეობით ქართულ ხორცზე მოთხოვნა დიდია, თანაც ინტენსიურად გააქვთ აზიის ქვეყნებში. ექსპორტი ერთხანს შეჩერებული იყო, მაგრამ კვლავ განახლდა და ახლა უცხოურ ბაზრებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადის.

როგორც "მომავლის ფერმერის" წარმომადგენელი, ვეტერინარი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, აუცილებელია, რომ განვითარდეს ინდუსტრიული მეცხოველეობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მცირე ფერმერული მეურნეობების შევიწროების ხარჯზე.

"საქონლის ხორცზე მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აზიის ქვეყნებში, სადაც ჩვენი ხორცი მოთხოვნადია. ამ ეტაპზე 1 კგ ხორცის ფასი საშუალოდ 14-15 ლარია, მაგრამ ეს საშუალო ხარისხზეა, ფასი, ზოგ შემთხვევაში, 20 ლარს აჭარბებს. ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საქონლის ხორცის ფასი დადგინდეს ხარისხის მიხედვით. დიფერენცირება თუ არ გაკეთდა, პრობლემას შექმნის და ჩვენ არ გვეცოდინება, რა ფასად რა ხორცს ვიღებთ.

რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს, აქ კარგი ვითარებაა. ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდნენ ფერმერები, რომლებსაც უკრაინიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ გოჭები და სახორცე კონდიციამდე ხდება მათი ზრდა. წარმოების ეს დონე თუ შევინარჩუნეთ, საცალოს ფასი 10 ლარის ფარგლებში იმერყევებს.

საქონლის ხორცი კი ძვირდება, რადგან წარმოება ქაოსურია, ამიტომ უნდა განვავითაროთ ინდუსტრიული მრეწველობა და ჩვენი პროდუქტები აზიურ ბაზრებს მივაწოდოთ. საქართველო, საშუალოდ, მოიხმარს 35-38 ათას ტონას წელიწადში. აქედან 19 ათას ტონას ადგილზე ვაწარმოებთ და ერთ ამდენს ვყიდულობთ. აქედან გამომდინარე, საქონლის ხორცის წარმოება ნახევრად დეფიციტურია. ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადგილზე ბაზრები მოვამარაგოთ და სარეალიზაციოდაც დაგვრჩეს", - ამბობს "რეზონანსთან" ჭიჭაყუა.

ვეტერინარის შეფასებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება გამოირჩევა არასტაბილური შემოსავლებით, დაბალი რენტაბელობით, რასაც, პირველ რიგში, განაპირობებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სპეციალიზებული ჯიშების არარსებობა და, შესაბამისად, საჯიშე ბაზის უქონლობა, ფერმერთა დაბალი კვალიფიკაცია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მეცხოველეობის დარგში შეიმჩნევა, პირუტყვის ბაგური კვებით გამოზრდაა, რაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფერმერს შეუძლია.

"ბაგური კვებით გაზრდილი პირუტყვის ხორცი ხარისხით საუკეთესოა, გამოირჩევა გემოს მხრივაც, რის გამოც ყოველთვის მოთხოვნადია. ერთ დროს ეს ტრადიცია მივიწყებული იყო, რადგან განსაკუთრებულ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ფერმერულ მეურნეობებში პირუტყვის ბაგური კვების მეთოდი განვავითაროთ. ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია გორისა და კასპის რაიონებში, სადაც ფერმერებს კონსულტაცია ჩავუტარეთ. ბევრი გადავიდა ახალ ტექნოლოგიაზე და ხარისხიანი ხორცის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს. ძველი მეთოდის გამოყენებით ან მოვიგებთ, ან - არა, მაგრამ ახალი სტანდარტის დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს", - განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ ჭიჭაყუამ.

საქონლის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც, რომელთა ინფორმაციითაც, მეხორცული საქონლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რამდენადაც შესასყიდი ხორცი გაძვირდა, რის გამოც სარეალიზაციო ფასის ზრდა უწევთ. მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ხორცი კიდევ გაძვირდება.

"ჩვენ ვერ გეტყვით, რას უკავშირდება ხორცის გაძვირება, ბითუმად 13 ლარზე იაფად ხორცს ვერ იყიდით, თითქმის ყველამ გააძვირა. სასაკლაოებმაც მოუმატეს ფასს. ამბობენ, რომ პირუტყვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. როგორც ჩანს, უცხოურ ბაზრებზე ჩვენი პროდუქტი გაცილებით ძვირად იყიდება. ასე რომ არ იყოს, ცხადია, ამხელა ხარჯს არ გასწევდნენ. ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი უჯდებათ", - ამბობს მოვაჭრე კახა გრძელიშვილი. ის შიშობს, რომ მომხმარებელს ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ზაალ ცირდავა ამბობს, რომ საქონლის ხორცს გლეხებისაგან ყიდულობს. მისი თქმით, ფასმა რეგიონებშიც მოიმატა და დღესდღეობით 14 ლარზე ნაკლებად არ იშოვება.

"შარშან ამ დროს საქონლის ხორცის საბითუმო ფასი რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, 2 ლარით იაფი იყო. შემოდგომიდან მოყოლებული, მატულობს ფასი, მაგრამ მაშინ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა და არც პრობლემა შეგვქმნია. ახლა მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ დეფიციტის საფრთხეა. დღეს საქონლის ხორცს 14 ლარზე ნაკლებად საქართველოს მასშტაბით, თითქმის ვერსად იყიდით, ყველგან გაძვირდა.

ღორის ხორცთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა, აქ პირიქითაა, ყველგან გაიფდა, 9 ლარადაც იყიდით, ხოლო ადგილზე 7-8 ლარადაც შეიძლება შეძენა. გაყინული ხორცის მხრივ რადიკალურად სხვა მდგომარეობაა. იმპორტული ბაზარზე ჯერ კიდევ ბლომადაა და ლარის კურსი თუ არ შეიცვალა, ფასი სამომავლოდაც შენარჩუნდება", - ამბობს "რეზონანსთან" ზაალ ცირდავა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"