საქართველოში ვაშლის რეკორდული მოსავლისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების გამო, პროდუქტის ღირებულება საკმაოდ დაბალია.
როგორ East Fruit წერს, 2018 წელს საქართველოში მიღებული ვაშლის მოსავალი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, 230 000 ტონა იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის, 5-ჯერ აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაშლის უხვი მოსავლის გათვალისწინებით, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა, რათა პროდუქტი რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს.
„როგორც წესი, სამრეწველო ვაშლს კერძო კომპანიები წვენის საწარმოებლად ყიდულობენ, რომელიც შემდეგ მსოფლიო ბაზარზე გადის. ამ ეტაპზე, ვაშლის შესყიდვა ასევე ხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია „აკურას“ მიერ. რომ არა ამგვარი მიდგომა, ვაშლის ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა და მოსახლეობაში პროდუქტის მოყვანის თვალსაზრისით კომერციული ინტერესი დაიკარგებოდა. სამრეწველო ვაშლის ღირებულება 10 თეთრია, რაც საკმაოდ დაბალი ფასია, თუმცა გაცილებით მაღალია, ვიდრე გასულ წელებში იყო“,- განაცხადა მინისტრმა.