ამერიკის დელეგაციას ტრამპის ნაცვლად დავოსში მნუჩინი უხელმძღვანელებს

აშშ-ის დელეგაციას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, ამერიკის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან შვეიცარიაში არცთუ ისე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავა. დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ აუქმებს საკუთარ ვიზიტს ფორუმზე, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო.

აქამდე გავრცელებული ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი დავოსში გამგზავრებას 21 იანვარს გეგმავდა, უკან მობრუნებას კი 22 იანვარს აპირებდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის საქმიანობა ე.წ. შათდაუნის პირობებში გასული წლის 22 დეკემბრიდან ნაწილობრივ არის შეჩერებული საბიუჯეტო სახსრების არქონის გამო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ რესპუბლიკელებმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკა-მექსიკის საზღვარზე სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის სახსრების გამოყოფაზე. ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები ითხოვენ ბიუჯეტში ამ მიმართულებით ჩაიდოს 5,7 მილიარდი დოლარი. დემოკრატები კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტს მხარს არასოდეს დაუჭერენ.

კოკა კვირკველია