20 თებერვალს Samsung-ი ახალ სმარტფონებს წარადგენს

კომპანია Samsung-ის ახალ სმარტფონს Galaxy 20 თებერვალს სან-ფრანცისკოში წარადგენენ. როგორც ინტერნეტპორტალი CNet იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ლას-ვეგასში მიმდინარე ტექნიკის გამოფენაზე Consumer Electronic Show.

CNet-ის ცნობით, სმარტფონების ხაზი S10 სავარაუდოდ, სამი ფორმით გამოვა: სტანდარტული Galaxy S10, უფრო დიდი ზომის S10 და უფრო დაბალფასიანი S10 Lite ან S10 E. ექსპერტებმა ასევე არ გამორიცხეს, რომ ამავე დღეს კომპანიამ წარმოადგინოს მისი ინოვაციური, დაკეცვადი ულტრა პრემიუმ ხაზის სმარტფონი Galaxy X, რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი და მასზე უცხოური პრესა აქტიურად წერს. თუმცა, ამასთან ისინი არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული მოდელის პრეზენტაცია გაიმართოს უფრო მასშტაბურ ღონისძიებაზე, როგორიცაა მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესი, რომელიც 25-28 თებერვალს ბარსელონაში გაიმართება.

კოკა კვირკველია