ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს 35 მილიონი დოლარის ოდენობის უძრავი ქონება გაყიდა. ამის შესახებ ჟურნალი Forbes წერს, რომელმაც იმ საჯარო ინფორმაციის ანალიზი ჩაატარა, რომელიც პრეზიდენტის ქონების გაყიდვას ეხებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი ბრუკლინში საცხოვრებელი ფართის გაყიდვაზე მოდის. მისი ცნობით, კომპანიამ Trump Organization, რომლის მფლობელიც ამერიკის პრეზიდენტია, აღნიშნული გარიგებიდან 20 მილიონი მიიღო. მის მფლობელობაში არსებული აპარტამენტების გაყიდვიდან (რომელიც ლას ვეგასის 64 სართულიან ცათამბჯენში ეკუთვნოდა), კომპანიას დამატებით 5,5 მილიონი შემოუვიდა. გამოცემის ცნობით, ამ მომენტისთვის დონალდ ტრამპი 437 მილიონის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს.
აღსანიშნავია, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპმა Trump Organization-ის მართვა საკუთარ ვაჟიშვილებს გადააბარა, თუმცა მის მფლობელად დარჩა. წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დონალდ ტრამპი, რომელიც ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგში უკვე 30 წელია ირიცხება, 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობდა, თუმცა ექსპერტები ირწმუნებოდნენ, რომ მისი ქონება გაცილებით ნაკლები იყო. Forbes-ის შეფასებით, ამ დორისთვის მისი ქონება 3 მილიარდი დოლარია.