17 მლნ დოლარის ტრანზაქციის გამო, სებ-მა „თიბისი ბანკი“ 2018 წლის ნოემბერში 1 მლნ ლარით დააჯარიმა

„თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საინტერესოა, რა პრინციპით იხელმძღვანელა სებ-მა, როცა 17 მილიონი დოლარის საეჭვო ტრანზაქციაზე, რომელიც თურმე შესაძლოა ფულის გათეთრების ფაქტებს შეიცავდეს, ბანკს მხოლოდ 1 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა? ამასთან, ჩნდება კითხვები თუ რატომ არსად "გაუჟონავს" ამ ცნობას მაშინ ან რატომ დაჰკითხეს ასე ჩუმად საქმის ფიგურანტები? გარკვეული კითხვებისა და ეჭვების არსებობას კი ისიც იწვევს, რომ აღნიშნული ტრანზაქციები სებ-მა პირველად 2008 წელს შეისწავლა, თუმცა, მაშინ რაიმე ზომისთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. 9 იანვარს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადეს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

პროკურატურის ბრიფინგს 9 იანვარს წინ უსწრებდა ბანკის მიერ გავრცელებული განცხადება. ამასთან, იმავე დღეს ინვესტორებისთვის განკუთვნილ ინგლისურენოვან ვებგვერდზე "თიბისი ჯგუფის" განცხადებაც გავრცელდა, სადაც კომპანია ადასტურებს, რომ "თიბისი ბანკის" 2007-2008 წლების ზოგიერთ ტრანზაქციას ეროვნული ბანკის მონიტორინგი/ინსპექტირება ჩაუტარდა. როგორც განცხადებაში ნათქვამია, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები "თიბისი ბანკსა" და გარკვეულ ფიზიკურ პირებს შორის (რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან იყვნენ დაკავშირებული), "ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული სადავო ტრანზაქციები ეროვნულმა ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების განთავსებამდე (2014) რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს შეისწავლა და მაშინ სებ-ს რაიმე ზომისთვის არ მიუმართავს.