რა გვიჯდება სესხის რესტრუქტურიზაცია?

საქართველოში სესხის რესტრუქტურიზაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა, კლიენტის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო მეტ ვადაში გადანაწილებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ამ თემით დაინტერესდა და საქართველოში 5 ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციის პირობები გადაამოწმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკი“ ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელმაც რესტრუქტურიზაციის პირობები შეიმუშავა და შემდეგ მომხმარებელს შესთავაზა. ამ ბანკის პირობები კი შემდეგია: ჩამოსაწერი ჯარიმების რაოდენობა 50%-90% ფარგლებში მერყეობს, ეს კი რესტრუქტურიზაციის შედეგად წარმოდგენილ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული: თავდებობა - 50%; ავტომანქანა - 70%; უძრავი ქონება - 90%; თუმცა შეთანხმებით ჯარიმების 100%-ით ჩამოწერაც არის შესაძლებელი. სესხის გაცემის საკომისიო 0,5%-ია.

„ლიბერთი ბანკის“ შემთხვევაშიც, რესტრუქტურიზაციის სესხის პროცენტი დამოკიდებულია გადასაფარი ვალდებულებების პროცენტზე და ბანკი მათ შორის ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს აწესებს. რაც შეეხება ჯარიმების ჩამოწერას, ის სრულად ბანკის თანამშრომელზეა დამოკიდებული და არა წარმოდგენილ უზრუნველყოფაზე. მაგალითად, თავდებობის წარმოდგენის შემთხვევაში, ბანკმა ჯარიმები შესაძლოა, საერთოდ არ გვაპატიოს.

”თიბისი ბანკი“ ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებს რესტრუქტურიზაცია შესთავაზა.

„თიბისი ბანკის“ რესტრუქტურიზაციის პირობების შესაბამისად სესხის ვადა სტანდარტულად მაქსიმუმ 48 თვით განისაზღვრება, ანუ თუ მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხზე უძრავი ქონება წარმოადგინა, მას 48 თვეზე მეტით მაინც არ გაუხანგრძლივებენ ვადას. 120 თვეზე მხოლოდ იპოთეკური სესხის რესტრუქტურიზაციაა შესაძლებელი. ამის გარდა, ჩამოსაწერი ჯარიმების რაოდენობა 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბანკი გარკვეულ საკომისიოებსაც აწესებს.

პრივატბანკის რესტრუქტურიზაციის პირობები ყველაზე გამორჩეულია. იმისთვის, რომ მომხმარებლის სესხის რესტრუქტურიზაცია გააკეთო, აუცილებელია, ვალდებულება მინიმუმ 180 დღით იყოს ვადაგადაცილებული.

აღსანიშნავია, რომ „პრივატბანკის“ პირობები საკმაოდ არაერთგვაროვანია. მაგალითად, მიუხედავად წარმოდგენილი უზრუნველყოფისა, სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვით განისაზღვრება. ასევე საპროცენტო განაკვეთის დადგენა სესხის ვადების მიხედვით ხდება: 6 თვე - 0.01%; 6-12 თვემდე - 10 %; 12-36 თვემდე-18%; ამაზე ზემოთ სესხის პროცენტი აღარ იწევს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჯარიმების ჩამოწერა მაქსიმუმ 90%-ით ხდება, ეს კი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

როგორც აღმოჩნდა, „ბანკ რესპუბლიკას“ რესტრუქტურიზაციის ყველაზე ინდივიდუალური პირობები აქვს. მისი რესტრუქტურიზაციის პირობები შეიძლება ითქვას, რომ დადგენილი არ არის. შესაძლებელია, რომ ამ ბანკმა რესტრუქტურიზებული სესხი სტანდარტული სამომხმარებლო სესხის პირობებში გასცეს, ყველა თანდართული საკომისიოს გათვალისწინებით. ეს მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებული სესხის პარამეტრებზეა დამოკიდებული. რესტრუქტურიზაციის ვადა ამ ბანკში სტანდარტულად მაქსიმალური 36 თვით განისაზღვრება, ხოლო უძრავი ქონების წარმოდგენის შემთხვევაში, ვადა მაქსიმუმ 84 თვემდე იზრდება. ასევე სესხის პროცენტი არსებული სესხის პარამეტრებზეა დამოკიდებული და ის მაქსიმუმ - 36% შეიძლება იყოს, თუმცა ესეც ბანკის გადასაწყვეტია. ამას გარდა, ბანკში რესტრუქტურიზაციის გაცემის საკომისიო 2%-ია, ხოლო ჯარიმები შეიძლება ჩამოაჭრან და შეიძლება - არა.

როგორც „საზოგადოებასა და ბანკებში“ ამბობენ, ბანკების უმრავლესობას რესტრუქტურიზებული სესხის გაცემის საკომისიო აქვს. გამოდის რომ, მომხმარებელს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკომისიოს ხარჯზე დამატებით ეზრდება. ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობა იზრდება ასევე სესხის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაშიც. ამას ემატება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთიც, რომლის ფორმირების ზუსტი მეთოდი და პრინციპი ხშირად გაურკვეველია. თუმცა, რესტრუქტურიზაციის შედეგად მომხმარებელი მაინც შედარებით იუმჯობესებს მდგომარეობას, რადგან მისი ყოველთვიური გადასახადი მცირდება და არ ემუქრება უძრავი ქონების ან სხვა უზრუნველყოფის რეალიზაცია. ასევე რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის გადახდის ნაცვლად, იხდის ერთ სესხს. რესტრუქტურიზაციის გზით მომხმარებელი იუმჯობესებს საკრედიტო ისტორიასაც.