2018 წელს “დანკინის” რეალიზაცია დაახლოებით 25%–მდე, “ვენდის” კი 20%–მდე გაიზარდა

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, 2018 წელს “დანკინის” რეალიზაცია დაახლოებით, 25%–მდე, “ვენდის” კი 20%–მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ვფიქრობ, ამ ორმა კომპანიამ საკმაოდ მაღალი ნიშა დაიკავა და ბაზარზე მყარი პოზიციები აქვს. რაც შეეხება უპირატესობებს, ჩვენი კომპანიების კონკურენტული უპირატესობები ძალიან დიდია და მე კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველამ იცის ამის შესახებ.

“ვენდის” კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში არის ის, რომ როგორც ფრინველის, ასევე საქონლის ხორცი, რისგანაც ბურგერები კეთდება, მზადდება საქართველოში. პური მზადდება საქართველოში. რაც შეეხება “დანკინს”, “დანკინშიც” იგივე სიტუაციაა. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოება “სმარტ პროდაქშენი”, რომელიც გვაწვდის ყოველდღიურად ახალ პროდუქტებს, ასევე სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთანაც ვმუშაობთ და “დანკინშიც” ყველაფერი აბსოლუტურად ქართულია. რაც შეეხება დონატებს, რომელიც გაყიდვების დაახლოებით 25% შეადგენს, ეს არის აეროპორტთან არსებული ჩვენი ქარხნის პროდუქცია, სადაც დღეში ორჯერ მზადდება ახალი დონატები და ასევე გვაქვს ფრანგული საცხობის ხაზი, რომელიც წელს დავამატეთ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ “დანკინი” უკვე ლიდერია ყავის ბაზარზე. ჩვენი გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე და ეს არის ათიათასობით გაყიდული ჭიქა ყავა ყოველდღე. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პოზიციები ყავის ბაზარზე და გავზარდოთ გაყიდვები. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად შევინარჩუნებთ სენდვიჩებს, ხაჭაპურს, ლობიანს, კარტოფილის ღვეზელს და ა.შ. ანუ, ქართული საცხობის პროდუქციას, სალათებს, სენდვიჩებს და იგეგმება კიდევ ახალი პროდუქციის დამატებაც. მთავარი კონცენტრაცია იქნება ყავაზე, თუმცა იქვე აუცილებლად გაიყიდება საკვებიც და დონატებიც,“-აცხადებს ფხაკაძე „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში.