15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა განაცხადა, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ჯანმრთელობის ერთიანი ცენტრალიზებული ჩანაწერების სისტემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყველა მიმართულებით. ეს იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, სამედიცინო სტატისტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნისთვის ეს იქნება მტკიცებულებების გენერირების ერთიანი უნივერსალური წყარო. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ 2019 წლის 15 იანვრიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ჩანაწერების წარმოება სავალდებულო იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისათვის, შემდგომში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.
მისივე თქმით, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამას დაემატება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, გარდა დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისა, 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის.
„ეს იქნება შეჯამებული ინფორმაცია სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის ეპიზოდის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია როგორც შემდგომში პაციენტის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფად. ერთი ვიზიტის შემდეგ პაციენტი შეიძლება მეორე სხვა ექიმთან მივიდეს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაზიარებული იქნება, რათა მან უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის პროცესი გაცილებით სრულყოფილი იქნება“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.