სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა 2018 წელს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები არასრულად შეავსო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2018 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგად, საჯარო სამსახურის ბიურომ სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული რვა თანამდებობის პირი დააჯარიმა.
- შავლეგო ტაბატაძე - იმერეთის გუბერნატორი: შავლეგო ტაბატაძეს 2018 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძე შპს „ანსალთეს” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
- არჩილ ჯაფარიძე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი: არჩილ ჯაფარიძეს 2018 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნატალია ხაჭაპურიძე შპს „რიონი 2015-ის” 25%-იან წილს ფლობს და არის კოოპერატივ „რკ ედენას” გამგეობის თავმჯდომარე.
- შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლის გუბერნატორი: შოთა რეხვიაშვილს 2018 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშული, რომ შპს „აგროგორის” 50%-იანი წილის მფლობელია, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული წილის მითითებასთან ერთად, კანონის თანახმად, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნული წილი მინდობით სხვა პირს უნდა გადასცეს.
- ზაურ დარგალი - ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე: ზაურ დარგალს 2018 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.) მარნეულში. ზაურ დარგალს აღნიშნული ინფორმაცია არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.
- შალვა ბერძენიშვილი - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე: შალვა ბერძენიშვილმა დეკლარაცია 2018 წლის დეკემბერში შეავსო, სადაც აღნიშნული აქვს, რომ სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს კანონდაღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. შალვა ბერძენიშვილს მითითებული აქვს, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოება არ ფუნქციონირებს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. შესაძლებელია, კომპანია აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. გარდა ზემოაღნიშნულისა, შალვა ბერძენიშვილი კიდევ ერთი კომპანიის - შპს „არომა ტის” დირექტორი და 10%- იანი წილის მფლობელია, შპს “ამირში” კი 12%-იანი წილი ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ შალვა ბერძენიშვილმა აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.