სემეკის რეგულაციების შედეგად 2018 წელს მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი და მათზე გაცემული თანხების ოდენობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების საფუძველზე, 2018 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სემეკის მიერ მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი და კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაცემული კომპენსაციების ჯამურმა ოდენობამ 3 474 364 ლარი შეადგინა.

2018 წლის განმავლობაში კომისიამ გამართა 116 საჯარო სხდომა და განიხილა 2469 საკითხი. მათ შორის, 891 საკითხი შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს. უშუალოდ საჯარო სხდომებზე განხილვის შედეგად კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„ელექტრონული ჟურნალის“ - მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამურმა ოდენობამ შეადგენა 1 269 845 ლარი. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 248 040 ლარი; ბუნებრივი გაზის სექტორში - 125 910 ლარი, წყალმომარაგების სექტორში - 895 895 ლარი. „ელექტრონული ჟურნალი“ ინოვაციური პროგრამაა, რომლის საშუალებით პირდაპირი დროის რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულებაზე. მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას წარმოეშვება აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება.

2019 წელს სემეკი აგრძელებს მუშაობას მომსახურების ხარისხის სტანდარტების დახვეწაზე, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სერვისების გაუმჯობესებას და შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც.