ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ახალი მოცვი გავა

ქართული კომპანია Uvie’s berries, მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირის ბაზარზე ახალი მოცვის გატანას გეგმავს.

ამის შესახებ East Fruit-თან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე ვეფხვაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ექსპორტთან დაკავშირებით წინასწარი შენთანხმება პარტნიორებთან უკვე მიღწეულია. როგორც ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, წელს მოცვის სეზონზე, რომელიც 6 კვირიანია და მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, სავარაუდოდ 30 ტონამდე საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გეგმავენ. Uvie’s berries-მა მოცვის პლანტაციები 2016 წელს ოზურგეთის რაიონში 10 ჰექტარზე გააშენა. პროექტი „ერთიანი აგროპროექტების“ მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანიამ ნერგების იმპორტი აშშ-დან და ჰოლანდიიდან განახორციელა. გარდა საკუთარი პროდუქციის წარმოებისა, კომპანიის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ადგილობრივი ფერმერებისგან ხილისა და ბოსტნეულის შეძენა და მისი ექსპორტია. შპს Uvie’s berries-მა 2017 წელს USAID-ის მხარდაჭერით სერთიფიკატი - Global GAP მიიღო. როგორც ეკატერინე ვეფხვაძე აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია ესპორტს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, არაბეთში, ყატარში, ჩინეთსა (ჰონგ-კონგი) და სინგაპურში ახორციელებს.

„ჩვენ მათ ვაწვდით ახალ მწვანილს, ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, მათ შორის მოცვს. იმ პროდუქციას, რომელსაც თავად არ ვაწარმოებთ, ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ, ვამუშავებთ, ვფუთავთ და ექსპორტზე საჰაერო გზით გაგვაქვს. გასულ წელს რამდენიმე ასეული ტონა პროდუქტი გავიტანეთ ესპორტზე. ჩვენი კომპანია გაყინული პროდუქციის ექსპორტს არ აწარმოებს, რადგან ასეთ პროდუქტს გაცილებით დაბალი ფასი აქვს და ამასთან, თვითმფრინავზე ტემპერატურის შენარჩუნება რთულია. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ჩვენ გვყავს რეგულარული პარტნიორები, ესენი არიან მოვაჭრეები და მაღაზიათა ქსელები. ახლა გადავწყვიტეთ, რომ კომპანიის საქმიანობაში ცალკე მიმართულება ჩამოვაყალიბოთ და ევროკავშირის ბაზარზე ახალი მოცვის ექსპორტი დავიწყოთ, რაშიც ხელს Global GAP შეგვიწყობს “,- განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ.

ნინი ქეთელაური