ეკონომიკის 18 დარგიდან 14-ში დასაქმებულები ზეგანაკვეთურად მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაცია პროფესიული კავშირების გართიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა, შინამეურნეობებში დაქირავებით დასაქმება – ის სექტორებია, სადაც დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ყველაზე მეტი დროის გატარება უწევთ.
„2018 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირველად გამოაქვეყნა დასაქმებულების მიერ ნამუშევარი საათების საშუალო მაჩვენებელი. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ თითქმის ყველა სექტორში, დასაქმებულებს კანონით გათვალისწინებულზე ხანგრძლივად უწევთ მუშაობა. შრომის კოდექსით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 საათით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე) ითვალისწინებს 48 საათამდე სამუშაო გრაფიკს.
საქართველოში დამსაქმებლები არ აქცევენ ყურადღებას შრომის კოდექსის ამ დანაწესს და თითქმის ყველა სექტორში ნორმად აქვთ ქცეული 42-50 საათიანი სამუშაო კვირა. ამასთან, ეს არის გასაშუალოებული მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული დასაქმებულებისთვის სამუშაო გრაფიკი ბევრად უფრო მძიმეა. შრომის კოდექსის მიხედვით, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები გაზრდილი განაკვეთით უნდა ანაზღაურდეს და ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი. სტატისტიკიდან კი ჩანს, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობას რეგულარული ხასიათი აქვს და დაქირავებით დასაქმებულთა უმრავლესობას დასაშვებზე ხანგრძლივად უწევს მუშაობა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა მამაკაცებისთვის: მშენებლობაში – 50,9 საათი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში – 52,3 საათი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა – 50,4 საათი.
ქალებისთვის – „შინამეურნეობი როგორც დამქირავებელი“ კატეგორიაში – 50,3 საათი. ეს უკანასკნელი ძირითადად არის არაფორმალური დასაქმება, ვინაიდან დამქირავებელი – შინამეურნეობა ანუ ოჯახია და არა ბიზნესი. შინამეურნეობებში მამაკაცების სამუშაო საათები 43,2-ია, ქალებისა – 50,3, ხოლო საშუალო 50,2. რაც ნიშნავს, რომ აქ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ძიძები, მომვლელები, რეპეტიტორები და ა.შ.
არაფორმალური დასაქმება გარდა გადაჭარბებული სამუშაო საათებისა, წარმოშობს შრომის კოდექსის მრავალ დარღვევას, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები არაფორმალური დასაქმების (რაც მთლიანი დასაქმების 53%-ს შეადგენს) ფორმალიზაციისკენ.
გარდა ამისა, სასტატისტიკაში არის ე.წ. „არაიდენტიფიცირებული“ კატეგორია, სადაც ქალების სამუშაო საათები კვირაში შეადგენს 96 საათს! ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას დასვენების გარეშეც კი მათ დღეში 13 საათი მუშაობა უწევთ!
მსგავსი საგანგაშო სტატისტიკა უნდა იწვევდეს შრომის ინსპექციის დაინტერესებას, თუმცა, ასეთი მძიმე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი სწორედ შრომის ინსპექციის გაუქმებაა (2006 წელს). დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი აღდგა, მისი მოქმედების არეალი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული და მხოლოდ შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლით შემოიფარგლება. ისეთი შრომითი უფლებები კი, როგორიცაა – სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება, შვებულების უფლება, დეკრეტული შვებულება, არადისკრიმინაციული გარემო და სხვ. კონტროლს მიღმა რჩება. არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები კი სამწუხაროდ, ბოროტად სარგებლობენ კონტროლის არარსებობით,“-აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში.