2019 წლის პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 21 276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, საიდანაც გამართულად ჩაითვალა 11 666 ავტოსატრასპორტო საშუალება.
ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9,613 ავტოსატრასპორტო საშუალება, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 189. გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუკი ავტოსატრასპორტო საშუალება პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში.
ავტომობილი შემოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.
ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს 15 აპრილის ჩათვლით.
ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 საათამდე.