„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებასა და მის შედეგებს ეხმაურება.
კერძოდ, ლალიაშვილს შეკითხვა უჩნდება თუ სად მიდიან გზისთვის უვარგისად გამოცხადებული ავტომობილები. „ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სად მიდიან გზისთვის უვარგისად გამოცხადებულიი ავტომობილები? დიდი ალბათობით კვლავ აგრძელებენ ქუჩაში მოძრაობას, მაშ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს თუ საშიში ტრანსპორტი არ ამოვიღეთ მოხმარებიდან და კვლავ გზებზე დავტოვეთ?,“-წერს ლალიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 21 276 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც გამართულად ჩაითვალა 11 666 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზდა 9,613 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო განმეორებით დახარვეზდა 189. გზაზე გადაადგილება დაუშვებლად იქნა მიჩნეული 75 ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის ამოქმედდა. ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს 15 აპრილის ჩათვლით.
ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ავტოსატრასპორტო საშუალება პირველ შემოწმებას ვერ გაივლის, ავტომფლობელს აქვს 30 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. იმავე ტესტირების ცენტრში ავტომობილის განმეორებითი ინსპექტირება უფასოა. მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ცენტრებში.