“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Apple-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, Apple-ს საქართველოში ახალი პარტნიორი ჰყავს - “აიპლიუსმა” მიიღო “ავტორიზებული რესელერის” სტატუსი.

iPlus-ის გენერალური მენეჯერის, კახა სეფაშვილის თქმით, გასული წლის დეკემბერში, iPlus-მა ხელი მოაწერა Apple-თან შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, “აიპლიუსმა” Apple-ის ავტორიზებული რესელერის სტატუსი მიიღო. “აიპლიუსის” წარმომადგენლის განცხადებით, “აიპლიუსის” მიერ უამრავი მოთხოვნა იყო განხილული და შესრულებული მოლაპარაკებების პროცესში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რასაც თითქმის სამი წელი დასჭირდა.

როგორც კახა სეფაშვილი აცხადებს, ქართული ბაზარი მრავალმხრივ უნიკალურია, გამომდინარე აქედან, გადაწყდა, რომ “აიპლიუსი” Apple-ის პროდუქციას მხოლოდ Apple-ის რეგიონალური დისტრიუტორიგან მიიღებს.

“ცხადია, ქართველი მომხმარებლები იმსახურებენ საუკეთესოს, განსაკუთრებით, როცა Apple-ის პროდუქციას ყიდულობენ. მაგალითად, საქართველოში MacBook-ის ორნაირი ვერსიის ყიდვაა შესაძლებელი, ინგლისურ-რუსული და მხოლოდ ინგლისური კლავიატურით. ცნობილია, რომ არაავტორიზებულ Apple-ის პროდუქციის მაღაზიებში, MacBook-ს შეხვდებით მხოლოდ ინგლისური კლავიატურით - ამის მიხედვით მომხმარებელს მარტივად შეუძლია გაარჩიოს MacBook არის თუ არა ქართული ბაზრისთვის განკუთვნილი.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია რომელი ტიპის MacBook-ი იყო უფრო მისაღები მომხმარებლისთვის. ჩავატარეთ გამოკითხვა და გავარკვიეთ, რომ ორივე მოდელი, მომხმარებლისთვის იყო ხელსაყრელი, თუმცა პრობლემა იდგა შემდეგში, რომ მომხმარებელს აქამდე არ შეეძლო მხოლოდ ინგლისური კლავიატურის მქონე, ჩვენი რეგიონისთვის განკუთვნილი MacBook-ი შეეძინა. მადლობა ბრენდის წარმომადგენლებს, რომ “აიპლიუს”-ის მომხმარებლებს შეეძლებათ უშუალოდ Apple-ის ქარხნიდან, სპეციალური შეკვეთით, შეიძინონ ინგლისურენოვანი კლავიატურის მქონე MacBook-ები. ამასთან, ორენოვანი კლავიატურაც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის. მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას თავად შეარჩიონ ხელსაყრელი MacBook-ი”, - განაცხადა კახა სეფაშვილმა.

კახა სეფაშვილის თქმით Apple საგარანტიო მომსახურების ვადის შემცირებას გეგმავს.

“Apple-ი გეგმავს ახალი სერვის ცენტრი გახსნას საქართველოში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მოლაპარაკებები ამ თემაზე ადგილობრივ კომპანიებთან უკვე დაწყებულია. ახალი სერვისი ნიშნავს, რომ საგარანტიო მომსახურების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება და მთელი პროცესი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება”, - აცხადებს აიპლიუსის გენერალური მენეჯერი კახა სეფაშვილი