თეთრი სახლი ივანკა ტრამპის მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის კანდიდატად განხილვას უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის შესაძლო პრეტენდენტად არ განიხილება, თუმცა დაეხმარება კანდიდატურის შერჩევაში. ამის შესახებ გაზეთი Politico თეთრი სახლის წარმომადგენელზე ჯესიკა დიტოზე დაყრდნობით წერს.

„ცნობა იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება, არ არის სიმართლე“, - განაცხადა ჯესიკა დიტომ.

ამასთან, მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა და თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვენმა ივანკა ტრამპს მიმართეს, დახმარება გაუწიონ მათ კანდიდატის შერჩევის პროცესში, ვინაიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ინტენსიურად მუშაობდა მსოფლიო ბანკთან.

შეგახსენებთ, გაზეთმა Financial Times-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პოსტზე თეთრ სახლში ივანკა ტრამპის და ნიკი ჰეილის კანდიდატურას განიხილავდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთ კანდიდატად სახელდებოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მარკ გრინი. მანამდე კი გამოცემა Daily caller-ი იუწყებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, დევიდ მელპასას განიხილავდა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი პოსტს 1-ლი თებერვლიდან ტოვებს.

კოკა კვირკველია