ემიგრაციაში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ადამიანების რიცხვი კი ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება.
აღსანიშნავია რომ, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობენ და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.
თუმცა, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. "დამსაქმებლების" თაღლითური სქემის მსხვერპლნი ხდებიან. AMBEBI.GE რამდენიმე ასეთ ადამიანს ესაუბრა - ერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ფიზიკურმა პირმა მოატყუა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფულის გამომძალველი იურიდიული პირი, საშუამავლო კომპანია აღმოჩნდა.
ერთ-ერთი დაზარალებული ნათია ომანაძე გვიყვება, რომ მისმა მეუღლემ პოლონეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, ამიტომ ოჯახმა დაიწყო შუამავალი პირების მოძიება, ვინც ამაში დაეხმარებოდათ.
"ახლობლებმა ხაშურელ ქალბატონთან დაკავშირება გვირჩიეს, რომელიც მათი თქმით ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ უშვებდა ადამიანებს, მათთვის დამსაქმებელ კომპანიებს იძიებდა და დასაქმებას უზრუნველყოფდა. ამ ქალბატონს შევხვდით, ვესაუბრეთ, საკმაოდ კარგი პირობები შემოგვთავაზა. რომ ჩავიდოდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, იქ უნდა დახვედროდა დამსაქმებელი, დაეკვალიანებინა, წაეყვანა კომპანიაში და დაპირებისამებრ დაესაქმებინა. ეს პირობები ხელშეკრულებაშიც ჩადო, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და გადავუხადეთ 500 ლარი.
როდესაც ჩავიდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, მას მართლაც დახვდა იქ ერთი პირი, რომელმაც სასტუმროში მიიყვანა, თუმცა დასაქმების ნაცვლად იქ დატოვა და გაუჩინარდა. არც ენა იცოდა ჩემმა მეუღლემ, არც იმდენი თანხა ჰქონდა, რომ გზა უპრობლემოდ გაეკვლია. დღეების განმავლობაში მოუწია ღამეების ქუჩაში გათევა, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში გადასვლა.
ჩვენ ვუკავშირდებოდით შუამავალ ქალს და ვთხოვდით პასუხს იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ის არც რეაგირებდა. რომ არ გავჩერდით, ამ ქალმა დარეკა პოლონეთში, რის შემდეგაც უცხო პირმა მიაკითხა ჩემს მეუღლეს და სამუშაოზე მოწყობის მიზნით პოლონეთში, მიუვალ პერიფერიაში წაიყვანა, დაასაქმა "ცეხში" სადაც გაუსაძლის, მონურ პირობებში მოუწია ცხოვრება, სადაც არ იყო არც კვების და არც ჰიგიენის არანაირი პირობები, ზოგჯერ არ უხდიდნენ კუთვნილ ხელფასსაც" - ამბობს დაზარალებული ნათია ომანაძე.
თითქმის მსგავს ისტორიას ყვება ქუთაისში მცხოვრები ლუსიანე თორიას ოჯახიც. საზღვარგარეთ დასაქმების ერთ-ერთმა ფირმამ მამაკაცს პოლონეთის ქალაქ პოზნანში რესტორანში მზარეულის მოადგილედ დასაქმება და მაღალი ხელფასი შესთავაზა. დასაქმების მსურველსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ თორიას რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მონურ პირობებში და თვეში 250 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მოუხდა. მამაკაცის მეუღლე ლამარა კვერნაძე ამბობს, რომ დასაქმების კომპანიამ მისი მეუღლე მოატყუა. მისივე თქმით, მამაკაცს საკვებად მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს და პატარა თეფშით ბრინჯს აძლევდნენ. იმის გამო, რომ მას სამშობლოში გამოსამგზავრებელი თანხა არ ჰქონდა, იძულებული გახდა კაბალურ პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა.
როგორ არეგულირებს საქართველოში კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის საკითხებს?
შრომითი მიგრაციის საკითხებს საქართველოში ძირითადად 2015 წელს მიღებული „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი არეგულირებს, არსებობს სხვადასხვა ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებები თუ კონვენციებიც.
წესით „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ უნდა უზრუნველყოფდეს სფეროს სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებასა და სანქცირების ეფექტური მექანიზმების არსებობას, რაც დაიცავდა მოქალაქეებს თაღლითურ სქემებეში ჩაბმისგან. თუმცა, რეალურად ეს კანონი ფუნქციას ვერ ასრულებს. კანონი ავალდებულებს დამსაქმებლებს დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები. თუ დამსაქმებელი არ დარეგისტრირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისი დასჯის ერთადერთი მექანიზმი არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო 1 000 ლარიანი ჯარიმა მეორე ჯერზე. რა ხდება მესამე, მეოთხე ან თუნდაც მეოცე ჯერზე ეს კანონით არ არის განსაზღვრული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს მონიტორინგისა და დანაშაულის გამოვლენის მექანიზმებიც.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ კანონმდებლობა სრულყოფას საჭიროებს და აცხადებენ, რომ სახელმწიფო იწყებს სისტემური და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას ამ კუთხით.
ერთი თვის წინ შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველო შეიქმნა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობა, რათა საზღვარგარეთ დასაქმების მსურველმა პირებმა ლეგალურად შეძლონ ღირსეულ სამუშაო პირობებში დასაქმება. იხილეთ სრულად