„საპენსიო რეფორმის განხორციელება ძალიან მძიმედ დაიწყო,“- ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა ცხაკაიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები ცდილობენ დაემორჩილონ ამ კანონს, ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას, რადგან ტექნიკურად რეფორმის განხორციელებისთვის მზად არც საპენსიო სააგენტო და არც შემოსავლების სამსახური არ არის.
„დღესაც ვცდილობდი რომ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია გამევლო თუმცა, უშედეგოდ. მათ ცხელ ხაზზე დაკავშირება თითქმის შეუძლებელია, ელემენტარულ შეკითხვებზეც კი ჩვენ წევრ კომპანიებს, დამსაქმებლებს არ აქვთ პასუხი არც საპენსიო სააგენტოსგან და ხშირ შემთხვევაში არც საგადასახადოსგან თუ კონკრეტულად რა ფორმით ან რა რაოდენობით უნდა განახოციელონ საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, არ არის მზად საგადასახადო დეკლარაცია, სადაც საპენსიო შენატანები უნდა აისახოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი სირთულის ფონზე მიმდინარეობს რეფორმის იმპლემენტაცია. ათობით ათასი კომპანია დარეგისტრირებასაც ვერ ახერხებს, რომ კანონს დაემორჩილოს და შენატანების განხორციელება უზრუნველყოს. დღეს 15 იანვარია, ბევრ კომპანიაში სახელფასო დღეა და რეალურად ბუღალტრებმა არ იციან, როგორ განახორციელონ საპენსიო შენატანები.
„სამინისტროს ის ტრენინგები, რომელსაც ჩვენი კომპანიის ბუღალტრები გადიან ვერ უზრუნველყოფს იმ ეფექტურობას, რომელიც ამხელა რეფორმის განხორციელებას სჭირდება. ჩვენი პროფესიონალები იქიდან უფრო მეტი შეკითხვით ბრუნდებიან, ვიდრე ჰქონდათ. ჩვენ მივყვებით ამ კანონს, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას, გამომდინარე იქიდან რომ ტექნიკურად არც საპენსიო ფონდი არის ამისთვის მზად და არც შემოსავლების სამსახური. შესაბამისად, ინფორმირებულობისა და ელემენტარულ შეკითხვებზე პასუხგაუცემლობის გამო დამსაქმებლებიც არ ვართ მზად ამ რეფორმის განხორციელებისთვის,“-აღნიშნა ცხაკაიამ.
მისივე თქმით, დაგროვებითი პენსიის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ბიზნესისთვის არის იმედი და შესაძლებლობა იმისა, რომ დროებით მაინც შეჩერდეს რეფორმის განხორციელება - სანამ ამ ელემენტარულ შეკითხვებს გაეცემა პასუხი.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.