ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები 1990-იანების შემდეგ პირველად შემცირდა

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) სტატისტიკით, მსოფლიოს უდიდეს ავტობაზარზე, წლის განმავლობაში სულ 28.1 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის გაყიდვებზე 2.8 პროცენტით ნაკლებია.

პროგნოზით, ავტობაზრის 3 პროცენტით ზრდა იყო ნავარაუდები. დეკემბერში გაყიდვები 13 პროცენტით შემცირდა. და ეს იყო კლების ზედიზედ მეექვსე თვე.

CAAM-ის ვარაუდით, ჩინეთის ავტობაზრის შემცირება, საშუალოვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. გაყიდვების კლების მთავარ მიზეზად, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა სახელდება.

გლობალურ მწარმოებლებს შორის, ყველაზე უარესი შედეგი „ფორდს“ ჰქონდა, რომლის გაყიდვებიც ჩინეთში 37 პროცენტით დაეცა. ამის საპირისპიროდ, 20 პროცენტით გაზარდა გაყიდვები ჩინურმა კომპანია „ჯილიმ“. თუმცა წინა წლის 63-პროცენტიან ზრდასთან შედარებით, მისი შედეგიც გაუარესებულია. უფრო მეტიც, „ჯილი“ წელს გაყიდვების ზრდას არ ელის.

„ტოიოტამ“ ჩინურ ბაზარზე გაყიდვები 14.3 პროცენტით გაზარდა. შედარებისთვის, წინა წელს მისი გაყიდვების ზრდა მხოლოდ 6 პროცენტი იყო. კარგი შედეგი მეტწილად იაპონური კომპანიის ლუქს ბრენდ „ლექსუსის“ ავტომობილებზე სოლიდური მოთხოვნის შედეგია.

ეგრეთ წოდებული „ახალი ენერგიის ავტომობილების“ (NEV, მასში შედის ჰიბრიდები, ელექტრომობილები და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სხვა ავტომობილები) გაყიდვები 61.7 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მილიონს მიაღწია. და ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვა წელსაც გაგრძელდება. CAAM-ის პროგნოზით, წელს NEV ავტომობილების გაყიდვები 1.6 მილიონს მიაღწევს.