გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ამბობს, რომ თუ ბრიტანეთის პარლამენტი დღეს ბრექსიტის შეთანხმებულ გეგმას არ დაამტკიცებს, მაშინ ევროპის კავშირმა ბრიტანეთთან მოლაპარაკება უნდა განაახლოს. თუმცა ის ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც, შეთანხმების ახლანდელი ვერსია დიდად არ შეიცვლება.
„შეთანხმება ისეთივე იქნება, როგორიც არის. ვეჭვობ, რომ ამ შეთანხმებას შეცვლა ელის. უკეთესი გამოსავალი რომ არსებობდეს, ეს მასში აუცილებლად აისახებოდა“, - ამბობს მაასი, ვინც იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შეძლებს პარლამენტში საჭირო ხმების რაოდენობის მოგროვებას.
მაასის თქმით, პარლამენტის მიერ მეის გეგმის დამტკიცება, ბრიტანეთს და ევროკავშირს ხისტ გაყრას აარიდებს თავიდან. მაგრამ დასძენს, რომ „თუ ამაღამ საქმე გაუარესდება, მაშინ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს“.
არადა, ევროკავშირის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ ბრექსიტის გეგმის მნიშვნელოვნად შეცვლა გამორიცხულია. ახლახანს ბრიტანულმა გამოცემა „სანმა“ დაწერა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტერეზა მეის მოლაპარაკების განახლების გარანტია მისცა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გეგმას უარყოფს. მაგრამ ეს ინფორმაცია მერკელის წარმომადგენელმა მალევე უარყო.