დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. შესაბამისად, ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები ხარისხობრივ კონტროლს გაივლიან.
ახალი რეგლამენტის თანახმად სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოებას.
მენაშენეთა ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ფასებზე არ აისახება. თორნიკე აბულაძის განმარტებით, ყველა ის პროდუქტი, რაზეც ტექნიკური რეგლამენტი გავრცელდა, საქართველოშიც იწარმოება და ხარისხის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც ფლობს.
„ფასებზე ეს რეგლამენტი გავლენას ვერ მოახდენს. რადგან ის ხუთი დასახელება, რომელიც დღეიდან შედის კონტროლის ქვეშ და რომლებზეც ხარისხთან შესაბამისობა მოითხოვება, იწარმოება ადგილობრივ ბაზარზეც. ამასთან, ყველა მწარმოებელი, რომელიც ამ პროდუქციას აწარმოებს, არის ექსპორტიორიც, შესაბამისად, ფლობს ხარისხის დამადასტურებელ სერათიფიკატსაც. ასევე ნებისმიერი მასალა, რომელიც შემოდის და არის ხარისხიანი, ძალიან მარტივად შეძლებს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას. ხოლო ის მასალა, რომელიც უხარისოხოა დაიბლოკება და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. არა მგონია უხარისხო იმპორტის დაბლოკვამ ბაზარზე უძრავი ქონება გააძვიროს.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით.
თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.