საპარსი საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ Gillette ახალი სარეკლამო კამპანია ჩაუშვა, რომელმაც მომხმარებლებში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.
როგორც CNN წერს, კომპანიამ სლოგანი - The best a man can get („კაცებისთვის უკეთესი არ არსებობს"), რომელსაც უკვე 30 წელია იყენებს, გადააკეთა სლოგანად The best men can be („კაცებს შეუძლიათ იყვნენ უკეთესნი").
კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი განთავსდა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სახელწოდებით We believe: The best men can be ("ჩვენ გვჯერა: კაცებს შეუძლიათ გახდნენ უკეთესი"), და კიცხავს ისეთ კლიშეებს როგორიცაა „ბიჭები ყოველთვის რჩებიან ბიჭებად“ და „ბიჭები ყოველთვის ჩხუბობენ“. „ნუთუ არ დადგა დრო შევწყვიტოთ ცუდი ქცევის გამართლება?“ - სვამს კითხვას კომპანია და მოუწოდებს ხალხს, რომ ამ კამპანიას შეუერთდნენ.
„დროა ვაღიაროთ, რომ ისეთი ბრენდები როგორიც ვართ ჩვენ, კულტურაზე გავლენას ვახდენთ... დღეიდან ჩვენ გამოწვევას ვუცხადებთ სტერეოტიპებს, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი“, - დასძენს Gillette.
CNN-ის ცნობით, რეაქცია ვიდეორგოლზე იყო მწვავე: სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობამ კომპანიის ეს მოულოდნელი ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა, ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე კი 40 ათას „ლაიქზე“ 270 ათასი „დისლაიქი“ მოდის. ამასთან, ორ დღეში ვიდეო რამდენიმე მილიონმა მომხმარებელმა უკვე ნახა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი კომპანია Gillette, რომელიც 2005 წელს შევიდა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია Procter & Gamble-ის შემადგენელობაში, საპარს საშუალებებს და მისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებს. მის კაცის ხაზს Gillette ქვია, ხოლო ქალებისას Venus.