თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია.
მისი თქმით, ავტობუსების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 69 მილიონი ლარია.
„გამარჯვებულის გამოვლენის ოქმი ატვირთულია საიტზე. ეს არის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, გამარჯვებულად წარმოდგენილია "ისუზუ", რომელიც მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარკვეული პროცედურაა დარჩენილი. დაახლოებით, 69 მილიონ ლარამდეა ჯამური ღირებულება. საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ. 2019 წლის განმავლობაში ეს არის ის კვოტა, რომელიც 220 ერთეული 8-მეტრიანი, თანამედროვე ტიპის ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს. რა ეტაპებად შემოვა ავტობუსები, ჯერ არ ვიცით, რადგან ხელშეკრულება დადებული არ არის",- განაცხადა ხმალაძემ.