YouTube-ი პოლიტიკას ცვლის - რა სახის ვიდეოს გამოქვეყნება აიკრძალება ვიდეო-პორტალზე

YouTube-მა განახლებული პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომელიც მიმართული იქნება საშიში გამოწვევებისა და ბოროტი ხუმრობების წინააღმდეგ.

კერძოდ, იგი გადახედავს საკუთარ პოლიტიკას ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი ვიდეოების კატეგორიაში მოხვდება საშიში ე.წ „ჩელენჯები“, როგორიცაა, მაგალითად Tide Pod ან Fire Challenge. კომპანიის ახალი პოლიტიკა ასევე შეეხება ბოროტ ხუმრობებს, რომელთაც თავისუფლად შეიძლება გამოიწვიონ ადამიანის ფიზიკური დაზიანება. ასეთი ვიდეოების ჩამონათვალში მოხვდა სახლში შევარდნების ან იარაღით შეშინების ბოროტი ხუმრობები.

YouTube-მა აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც თინეიჯერი ავტოავარიაში მოყვა, როდესაც თვალებახვეული ე.წ. ჩიტის ყუთის გამოწვევას (Bird Box challenge ) აკეთებდა, რომლის ინსპირაციაც Netflix-ის ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის. გამოწვევა, რომლის დროსაც თვალებახვეული ადამიანები სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებენ, ფილმის გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული და ამასთან დაკავშირებით თავად კომპანიამაც კი გააკეთა გაფრთხილება („გთხოვთ ნუ დაიზიანებთ საკუთარ თავს Bird Box challenge-ის გაკეთებით“).

YouTube-ის განცხადებით, ასევე აიკრძალება ისეთ ბოროტი ხუმრობები, რომელთაც შეუძლია ბავშვებში ემოციური სტრესის გამოწვევა, ზოგჯერ ისე მძიმედაც კი, რომ შესაძლოა, მოხდეს ბავშის ცხოვრების ტრავმირება. „ასეთი ვიდეოების სიაში შედის მაგალითად, მშობლის ყალბი სიკვდილი ან მიტოვების ან შეცდომისთვის შერცხვენის ბოროტი ხუმრობები“. - ნათქვამია განცხადებაში.

ბავშვთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხი მას შემდეგ დადგა განხილვის საგანი, რაც 2017 წელს მაიკ და ჰიზერ მარტინების YouTube გვერდი დაიხურა. მაშინ მარტინების მხრიდან თავიანთ შვილების მიმართ განხორციელებულმა შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა YouTube მომხმარებლებში შეშფოთება გამოიწვია და შედეგად მარტინებს ჩამოერთვათ ორ შვილზე მეურვეობა.

ამ აკრძალვებთან ერთად YouTube აცხადებს, რომ პოლიტიკას გაამკაცრებს პორნოგრაფიული ან გრაფიკული ძალადობის შემცველი ვიდეოების მიმართაც.

YouTube-ერებს ორი თვის ვადა მიეცემათ, რომ ახალი პოლიტიკის საწინააღმდეგო ვიდეოები თავად წაშალონ, ვადის გასვლის შემდეგ კი ვიდეოებიც და მათი შემქმნელებიც მკაცრი სანქციებით დაისჯებიან, - წერს techcrunch.com.

გვანცა კაკაურიძე