დანიის ხელისუფლება 2024 წლისთვის 9 ხელოვნური კუნძულის აშენებას აპირებს. ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია სულ ახლახან გაავრცელა. ცნობილია, რომ კუნძულები კოპენჰაგენის სამხრეთით, ინდუსტრიულ ზონაში აშენდება.
პროექტის სამუშაო სახელწოდებაა Holmene. ხელოვნური კუნძულების დიზაინი დაპროექტებულია იმდაგვარად, რომ მიიზიდოს საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციები და ხელი შეუწყოს ადგილზე 12 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის საიმონ ემილ ამიცბოელ-ბილის თქმით, მათი ქვეყანა საერთაშორისო კონკურენციის პირობებში უფრო მძლავრად წარმოჩინდება ბიზნესის და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.
დანიური „სილიკონის ველი“
დანიის მთავრობის გეგმა, რომელიც ჯერ პარლამენტის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს, თავის თავში მოიცავს დანიის დედაქალაქთან ხელოვნური გზით 3,1 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის შექმნას, სადაც უნდა განთავსდეს 380 ახალი ბიზნეს-კომპანია. მის არეალში ასევე გათვალისწინებულია ბუნებრივი საფარის და 17 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის შექმნა. პროექტის ღირებულება 7 მილიარდ ევროზე მეტია.