"ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია, რომელსაც ISUZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს"

"ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია, რომელსაც ISUZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს", - ასე ეხმაურება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქში ISUZUS-ს მარკის, 8-მეტრიანი 220 ავტობუსის შემოყვანას.

"ბიზნესპრესნიუსი" გიგი უგულავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მიხარია, რომ თბილისში მერიას ახალი ავტობუსები შემოყავს. ამასთანავე, არ მომწონს "მელკი ჟულიკობა" რასაც მერია მიმართავს. ჯერ მერი ნარმანია და შემდეგ კალაძე თავს MAN-ის ავტობუსებით იწონებდნენ. შეუკვეთეს ლურჯი ფერი, პოლიტიკური გემოვნების აღსანიშნავად. აბა ახალ ავტობუსს ვინ დაიწუნებდა, მითუმეტეს მანის ტიპისას. თუმცა მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო და თბილისის ბიუჯეტი ვერ გაქაჩავდა. ახლა ISUZU-ს მარკის ავტობუსებია შეკვეთილი. ძალიან კარგი! მაგრამ ისიც ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია (ცხადია ახალი), რომელსაც ISUZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის. ცუდი კი არააა, კარგია! უბრალოდ თქვი, რატომ მალავ? მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ ლანძღავდი "ყვითელ ავტობუსებს", რომელიც უბრალოდ დაძველდა, უკვე ათი წლისაა. ასე რომ მოვეშვათ ვირეშმაკობას, საქმე სწორად ვაკეთოთ და დამერწმუნეთ დაუნახავიც არავინ იქნება",-წერს გიგი უგულავა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის განმავლობაში დედაქალაქში ISUZUS-ს მარკის, 8-მეტრიანი 220 ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის დაახლოებით, 69 მლნ ლარს მიიღებს.

"ახალ ავტობუსებზე ტენდერი დასრულდა. გამარჯვებული კომპანია მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად. გარკვეული პროცედურები დარჩენილია, თუმცა ფასიდან გამომდინარე, გამარჯვებულად ცნობის ოქმი ატვირთულია. ჯამური ღირებულება 69 მლნ ლარამდეა. სატენდერო ვაჭრობამ ფასის საკმაო კლება გამოიწვია", - განაცხადა ხმალაძემ.

ISUZUS-ს მარკის ავტობუსებს კომპანია „ჯი-თი გრუპი“ შემოიყვანს, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.