„ათათურქის“ აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში საოპერაციო სისტემის სრულად გადასვლა 3 მარტს დასრულდება. ამის შესახებ თურქეთის აეროპორტების სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფუნდა ოჯაკმა განაცხადა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ მოვახერხებთ დავასრულოთ გადაბარგება 3 მარტისთვის და ამ პერიოდიდან ყველა საერთაშორისო ფრენა განხორციელდება სტამბოლის ახალი აეროპორტიდან“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ახალ აეროპორტში Duty Free-ის მეორე ფაზის გახსნისას.
მისი განცხადებით, „ათათურქში“ მხოლოდ სპეციალური და სატვირთო რეისები განხორციელდება, ასევე შენარჩუნდება როგორც საექსპოზიციო აერპორტი.
სტამბოლის ახალი აეროპორტის პირველი ნაწილი 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და წლიურად 90 მილიონ პოტენციურ მგზავრს მოემსახურება, მისი მშენებლობის მეორე ფაზის დასრულება კი 2023 წლისთვის იგეგმება, შედეგად კი ეს ციფრი 200 მილიონამდე გაიზრდება.
აეროპორტი ხელს შეუწყობს არაპირდაპირ 1,5 მილიონი ადამიანის დასაქმებას და ფრენებს განახორციელებს 350 მიმართულებით.