გერმანული საავტომობილო კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის ხელშეკრულების გარეშე გასვლას, ევროპასა და ბრიტანეთში უამრავი სამუშაო ადგილი შეეწირება.ისინი ორივე მხარის კანონმდებლებს მოუწოდებენ, რომ გააორმაგონ მცდელობა, რათა შესაძლებელი გახდეს ტარიფებისგან თავისუფალი ურთიერთობის შენარჩუნება.
გუშინ გვიან ღამით, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა, რომელიც ევროკავშირთან იყო შეთანხმებული, ბრიტანეთის პარლამენტმა უარყო. ამით გაიზარდა ხისტი ბრექსიტის შანსი. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ ბრექსიტის ვადის გადატანას და განმეორებით რეფერენდუმსაც კი. მაგრამ კომპანიები უკვე ყველაზე უარეს სცენარებს განიხილავენ.
გერმანულ კომპანიებზე უარეს დღეში, ბრიტანული „იაგუარ ლენდ როვერია“, რომლის მიერ ბრიტანეთში წარმოებული ავტომობილების 80 პროცენტი ექსპორტზე გადის. მათი უმეტესობა კი ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება.
გერმანული კომპანიებისთვის ბრიტანეთი უდიდესი ევროპული ბაზარია. მაგალითად, 2016 წელს ბრიტანეთში 800 ათასზე მეტი ავტომობილი გაყიდეს, ეს კი მათი გლობალური ჯამური ექსპორტის თითქმის 20 პროცენტია. მათ ნაკლები მანქანა შეაქვთ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, რადგან იქაური ბაზრებისთვის ავტომობილებს ადგილზე აწარმოებენ.
„გაურკვევლობა ბიზნესისთვის ცუდია. იძულებულები ვართ, ყველაზე უარესი სცენარისთვის ვემზადოთ. ეს სცენარი კი ხელშეკრულების გარეშე ბრექსიტის შემთხვევაში ამოქმედდება“, - ნათქვამია BMW-ს ჯგუფის განცხადებაში.
ცნობისათვის, ბავარიული კომპანიის ჯგუფში ორი ბრიტანული კომპანია - „მინი“ და „როლს-როისი“ შედის. „მინის“ წარმოების 60 პროცენტი ბრიტანულ ოქსფორდის ქარხანაზე მოდის.
გარდა ამისა, „ბეემვე“ მაკომპლექტებელი ნაწილების და კომპონენტების დიდ ნაწილს ბრიტანეთიდან ღებულობს. შესაბამისად არის შედგენილი მისი მომარაგების, ლოგისტიკური არხებიც. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი თავიდან დასაგეგმი გახდება, რისთვისაც ბავარიელებს მზადება დაწყებული აქვთ.
ბრიტანეთში საწარმოები აქვთ მოგების დაბალ მარჟაზე მომუშავე „ტოიოტას“ (ქარხანა დერბიში) და „ნისანს“ (სანდერლენდი). ბრიტანულ კომპონენტებზე დამოკიდებულია „ფოლკსვაგენიც“, რომელიც კუნძულზე ქარხანასაც ფლობს.