სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი დაუშვებლად ცნო

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. მაშინ სასამართლომ "მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს "ტიფლის კოსტავას" და "გრაალის", ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც რეკრეაციულ ზონაში შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენონ.

„თითქმის 5 წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა, ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა,“-ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ყველაფერი 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. ამავე წელს, ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2 700 000 დოლარად შეიძინა - გიგი უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე, ვაკის პარკში "ტიფლის დეველოპმენტი" შვიდსართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. მალევე გავრცელდა ხმები, რომ გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვის უკან პირადი ინტერესები იდგა - სასტუმროს ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებენ, მათ შორის გოგა ზაქაიძეა. ამბობენ, რომ ის უგულავას მეგობარია და მისი, როგორც ერთ-ერთი მოწილის უკან სწორედ თბილისის ყოფილი მერი დგას, რომელმაც სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გასაცემად თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები.

2014 წლის თებერვალში სამშენებლო პროცესის შესაჩერებლად, სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა. პარტიზანულმა მებაღეობამ, მწვანე ალტერნატივამ და უსაფრთხო სივრცემ მერიას უჩივლეს და უკანონოდ გაცემული ნებართვის გაუქმება მოითხოვეს.

თაია არდოტელი