„რეზონანსი" - 99%-ით რუსულ მარცვლეულზე ვართ დამოკიდებული და ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი მთლიანად ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდის

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი იაფდება, ხოლო საქართველოში ფასი მატულობს.

ამის მიზეზი რუსული მარცვლეულის ფასია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იმატებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი სტრატეგიული რესურსია, ბაზარი არ არის დივერსიფიცირებული და თითქმის 100%-ით რუსულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული, როცა ალტერნატივა რეალურად არსებობს.

როდესაც მთავრობას მუდმივად აკრიტიკებენ გაზზე რუსეთის დამოკიდებულების გამო, რატომღაც არავინ აცნობიერებს საფრთხეს, რა ელის საქართველოს პურპროდუქტების ბაზარს, მოულოდნელად ჩრდილოეთის ბაზარი რომ დაიკეტოს და ქვეყანა პურის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.

ფაქტია, რომ სტრატეგიული პროდუქტის ყიდვა ძვირად გვიწევს, როცა ალტერნატიულ ბაზრებზე ხორბლის ღირებულებამ, ზაფხულიდან მოყოლებული, 20%-ით იკლო, მაგრამ ამ შეღავათით ქართველი მომხმარებელი ვერ სარგებლობს. ჩიკაგოს ბირჟაზე აგვისტოს შუა რიცხვებში 1 ბუშელი ხორბალი 6,15 დოლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5,14 დოლარია. მიუხედავად ამისა, საქართველოში მუდმივად საუბრობენ ხორბლისა და ფქვილის გაძვირებაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსულ ხორბალს ქართული ბაზრის 99% უჭირავს და ნავთობის შემდეგ მეორე უმსხვილესი პროდუქტია, რასაც საქართველო რუსეთიდან ყიდულობს. რამდენადაც ჩრდილოეთში წელს მოსავლის სიმცირე და ფასების ზრდაა, საქართველოშიც ფასი მაღლა მიიწევს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული ხორბლის ჩანაცვლების ყველაზე სასურველი გზა ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის კომიტეტის წევრ დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანა ტრანსპორტირების ხარჯს გაზრდის და პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს.

„რუსეთიდან ხორბლის იმპორტი დღესდღეობით ყველაზე მისაღებია, რადგან ავტოტრანსპორტის გზით შემოდის და გეოგრაფიულადაც ახლოსაა. ყაზახეთს მხედველობაში თუ მივიღებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენგან შორსაა და ლოგისტიკა ძვირი ჯდება. იგივე უნდა ითქვას უკრაინასთან დაკავშირებითაც. არაფერს ვამბობ აშშ-სა და კანადაზე, საიდანაც იმპორტი დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან იმპორტი მეტ ინვესტიციებსა და მუშაობის სხვა სტილს მოითხოვს.

იმპორტში დღეს ბევრი ადამიანია დასაქმებული (გადამზიდავებს ვგულისხმობ), უფრო იაფია და ამიტომ ვართ ძირითადად, რუსულ ხორბალზე დამოკიდებული. ყველაზე კარგია, რომ ადგილზე განვავითაროთ წარმოება, მაგრამ ჩვენთან არის საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა, თუმცა დიდი პოტენციალია, რომ აქცენტი ხორბლის მოსავლის ზრდაზე გავაკეთოთ. რესურსი არის და უნდა გამოვიყენოთ. ამას თუ მივაღწევთ, შევძლებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილოთ, სრულად თუ არა", - აცხადებს „რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

მისი თქმით, რეალურად ძალიან რთულია, რომელიმე ქვეყანამ რუსულ ბაზარს კონკურენცია გაუწიოს, თუმცა პარლამენტარი არც იმას გამორიცხავს, რომ სავსებით შესაძლებელია, მოულოდნელად კრემლმა ბაზარი დაგვიკეტოს და პრობლემა შეგვიქმნას.

„დღეს ჩვენთვის საკმაოდ რთული პერიოდია, თუმცა თუ მოხდა ისე, რომ რუსული ბაზარი დაიკეტება, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება და მოგვიწევს უკრაინული ხორბლის უფრო ძვირად შესყიდვა. არა მგონია, ეს ჩვენთვის სასარგებლო იყოს, თანაც ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. 3000 ოჯახი თუ შემოსავლის გარეშე დარჩება, რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით.

ადგილობრივი წარმოების განვითარების შემთხვევაში, ეს ადამიანები ადგილზევე დასაქმდებიან და ეს საფრთხეს მოხსნის. სამომავლოდ, თუკი ლოგისტიკა „ბორბლებს" გასცდება და გადავა სარკინიგზო ან საზღვაო გადაზიდვებზე, ავტოტრანსპორტი იმპორტიდან ამოვარდება და ასეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩება, ესეც უნდა გვახსოვდეს", - აცხადებს ჭიჭინაძე.

რუსული ხორბლის ალტერნატივას ბიზნესიც ნაკლებად ხედავს. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ რუსულ ხორბალზე ქვეყანამ უარი არ უნდა თქვას, რასაც იგი ერთგვარ "გამართლებასაც" უძებნის.

„ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ალტერნატიულ ბაზარზე გადართვა, მაგრამ ამ მომენტში ჩვენთვის ყველაზე მისაღები ლოგისტიკური მხარეა. ამ თვალსაზრისით კი, რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ქვეყანა უარს ვერ იტყვის. ცხადია, რომ დივერსიფიცირებას ხელოვნურად ვერ მოვახდენთ. ჩვენთვის მისაღებია ის ბაზარი, საიდანაც უფრო ნაკლები ჯდება იმპორტი და გეოგრაფიულადაც ხელსაყრელია.

მეორე მხრივ, ტვირთის მანქანებით შემოტანამ განაპირობა, რომ მარაგი შემცირდა, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ მეტი რაოდენობით შემოვიტანოთ და კრიზისული სიტუაციისაგან ბაზარი დავიცვათ. შესაძლებელია, სხვა ქვეყნებში ხორბლის ფასი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ტრანსპორტირება იმდენად ძვირია, რომ პროდუქტს მაინც გააძვირებს. ხორბლის იმპორტის პროცესში გემი და რკინიგზა ჩაიხსნა და მათ ნაცვლად მანქანები ჩაერთვნენ, რის გამოც ჩვენ საშუალო შეწონილი ფასი ვერ დავიჭირეთ და ფქვილი უცებ გაძვირდა 190 ლარიდან 250 ლარამდე.

ამ ეტაპზე მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მექანიზმზე, რომ ქვეყანაში იყოს მარაგი და კრიზისმა როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზეც საშუალო შეწონილი ფასით გადაიაროს", - განუცხადა „რეზონანსს" სილაგავამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"