აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ზუგდიდში მცხოვრებმა ვახტანგ კიტიამ საქართველოს ეროვნული ლატარიის გათამაშებაში 72 964 ლარი მოიგო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ლატარეის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვახტანგ კიტიამ 8 იანვარს, ზუგდიდში 85-ე გათამაშების ბილეთი ლატარიის ჯიხურში შეიძინა და რიცხვები ახლობელი ადამიანების დაბადების დღის თარიღების მიხედვით შემოხაზა.
„იმ საღამოს გათამაშებისთვის არ მიყურებია, მეორე დილით შევიტყვე, რომ ჩემ მიერ შემოხაზული ციფრები ლოტოტრონის საშუალებით გამოვლენილ ციფრებს დაემთხვა და მოვიგე 72 964 ლარი. სიხარულისგან წნევამ ამიწია და ექიმებიც კი დამჭირდა“, - აღნიშნა თანხის მიღებისას გამარჯვებულმა.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კიტიამ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი დაამთხვია და მისი ბილეთი მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა, ბილეთმა კი 72 964 ლარი მოიგო. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ გამარჯვებულს მოგებული თანხა უკვე გადასცა.
ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 13 000 000 ლარზე მეტი.