„აზერბაიჯანის ექსპორტის სტრუქტურაში ბუნებრივ გაზს მეორე ადგილი უკავია და პირველ ადგილს მხოლოდ ნავთობს უთმობს. კასპიისპირა ქვეყანა ბუნებრივი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვიდან თითქმის ერთ მილიარდამდე დოლარს იღებს. აზერბაიჯანი გაზის მოპოვების მსხვილ პროექტებს ახორციელებს და მეზობელ საქართველოს საწვავით თითქმის 100%-ით უზრუნველყოფს, მაგრამ ხშირად თვითონ აზერბაიჯანელები არ არიან ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილნი - მათ სახლებში გაზი ქრება“, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი, BBC-ის კორესპონდენტი ბაქოში).
პუბლიკაციაში ასახულია ბაქოში და მის შემოგარენში - აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარე დაბა მაშგატაში შექმნილი რთული ვითარება მოსახლეობის გაზით მომარაგების სფეროში.
„მაშგატიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით „სოკარის“ ცათამბჯენი დგას - კომპანიისა, რომელიც აზერბაიჯანში ნავთობსა და გაზს მოიპოვებს. აზერბაიჯანმა გასულ წელს 8,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაყიდა და 1,3 მილიარდი დოლარი მიიღო. როგორც ეკონომისტი ტოგრულ მაშალი ამბობს, საზღვარგარეთ გაზის დეფიციტი არ უნდა იყოს, რადგანაც ყველაფერი კონტრაქტით მკაცრადაა განსაზღვრული.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ (მილსადენების კომპლექსით) აზერბაიჯანიდან გაზი მიეწოდება თურქეთს, იქიდან კი ევროპას. მეზობელი საქართველო ბუნებრივი საწვავით მთლიანად აზერბაიჯანიდან მარაგდება.
ბაქოს მოსახლეობა გაზს ფართოდ იყენებს გასათბობად, უბრალო მიზეზის გამო - ბუნებრივი საწვავი ელექტროდენზე საკმაოდ იაფია. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ გაზის მოხმარების ტარიფი გაიზარდა და დღეს ერთი კუბმეტრი 0,11 დოლარი ღირს (შედარებისთვის: მეზობელ საქართველოში - 0,18-დან 0,21 დოლარამდე, სომხეთში - 0,16-დან 0,29 დოლარამდე).
ბაქოს მოსახლეობას გაზით კომპანია „აზერგაზი“ ამარაგებს, რომელიც, „სოკარის“ მსგავსად, სახელმწიფო მონოპოლისტს წარმოადგენს და აცხადებს, რომ გაზით მომარაგების წყვეტა მხოლოდ დროებით მოვლენას წარმოადგენს. „ბაქოსა და მის შემოგარენში გაზის დეფიციტი არ არის, გაზი საკმარისია და მოსახლეობა მთლიანად მარაგდება“, - ამბობს ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში კომპანია „აზერიგაზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კარბალაევი.
დამოუკიდებელი ექსპერტები და დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ პრობლემა საკმაოდ მოძველებულ და „გაცვეთილ“ ინფრასტრუქტურაშია - ბაქოს გაზსადენები გასული საუკუნის 60-80-იან წლებშია აგებული, გაზი მილებიდან ჟონავს და მომხმარებლამდე დანაკარგებით მიდის. ცივი ზამთრის დროს კომპანია მიწოდებული გაზის წნევას ზრდის, მაგრამ მაღალი წნევის შედეგად დანაკარგები უფრო მატულობს და მოსახლეობასაც საფრთხეს უქმნის.
როგორც ილჰამ შაბანი, ნავთობ-გაზის კვლევის ცენტრის დირექტორი ამბობს, ბაქოს ახალმშენებლობები ქალაქის მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით დატვირთვას ახდენს და მილები ვეღარ უძლებს. პოსტსაბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის დედაქალაქის მოსახლეობა 1,7 მილიონიდან 2,3 მილიონამდე გაიზარდა, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები კი მშენებლობების ზრდას ვერ ეწევა.
„საზღვარგარეთ ჯერ ინფრასტრუქტურას ამზადებენ, შემდეგ კი შენობებს აგებენ, - ამბობს ილჰამ შაბანი, - ჩვენთან კი პირიქით ხდება. მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ ჯერ კომუნიკაციების მიყვანა, შემდეგ კი შენობის აგება“.
სხვადასსხვა კვლევების მიხედვით, 2015 წელს გაზის დანაკარგები მიწოდებული მოცულობის 16,8% იყო, 2016 წელს, დიდი ძალისხმევით, 12,7%-მდე შეამცირეს. ეს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს, რადგან ჯერ კიდევ 8 წლის წინათ „დაცხრილული“ გაზსადენებიდან მიწოდებული გაზის 40% იკარგებოდა.
ავტორი: სიმონ კილაძე