„დააკვირდით, თუ „ყაზტრანსგაზი“ ხვიჩა მაქაცარიას ხელში აღმოჩნდა, ჩათვალეთ, მისი პირდაპირი მეწილე  არის კახა კალაძე“

„დააკვირდით ვის ხელში აღმოჩნდება „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „Newsroom“ განაცხადა.

„მიაქციეთ ყურადღება თუ სად წავა და ვის ხელში აღმოჩნდება უახლოეს მომავალში „ყაზტრანსგაზი“. თუ ეს იქნება ხვიჩა მაქაცარია, ჩათვალეთ, რომ მისი პირდაპირი მეწილე არის კახა კალაძე და ეს იქნება კატასტროფა.

თუ გამოვლინდა რომ „ყაზტრანსგაზია“ მომხდარში ბრალეული, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კომპანიამ საკუთარ თავზე უნდა იწვნიოს, მაშინ უფრო გულისყურით მოეკიდება საქმეს და ვალდებულებას,“-აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მფლობელი შეეცვალა. კერძოდ, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“ გახდა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის – შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ ნაწილს წარმოადგენს. ცნობისთვის, ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ (,,ბილაინი’’), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland.

2017 წლის 20 ნოემბრის ამონაწერით „სი ბი ეს ჯგუფის“ 50%-50%-იანი წილების მფლობელები ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია იყვნენ. რეესტრის ბოლო, 2018 წლის ნოემბრის ამონაწერის თანახმად კი, თეიმურაზ არონია და მარიამ კოხია ფლობენ, რომელთაც 50-50%-იანი წილები ეკუთვნით.