საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც ამ პოსტს 2018 წლის 9 ნოემბრიდან იკავებს. ცნობისთვის, მიქავას მანამდე ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა.
2019 წლის 10 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიქავა ფლობს 89 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2018 წელს აქვს შეძენილი 130 000 დოლარად. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Toyota Rav 4.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის საკუთრებაშია: iShares PHLX Semiconductor ETF-ს აქციები, რომელიც 2018 წელს 56 824,02 დოლარად შეიძინა; Intel Corporation-ს აქციები, რომლებშიც გასულ წელს 5 710,82 დოლარი აქვს გადახდილი; Broadcom Inc-ს 2018 წელს 3 296,15 დოლარად შეძენილი აქციები; Taiwan Semiconductor Manufacturing-ს აქციები, რომელიც ასევე 2018 წელს აქვს 1 901,79 დოლარად შეძენილი და გასულ წელს 1 261,22 დოლარად შეძენილი ProShares UltraPro QQQ-ს აქციები.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 12 710,05 ლარი, 9 795,03 დოლარი, ზურაბ მიქავასთან ერთობლივ ანგარიშზე 38 ათასი დოლარი, ხოლო მარიამ მიქავასთან 5 ათასი დოლარი ჰქონდა. ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 35 000 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ლაშა მიქავა არის შპს „ღვინის აღმოჩენას“ 15%-იანი წილის და შპს Wine Discovery Selection-ს 20%-იანი წილის მფლობელი. ამ უკანასკნელის საქმიანობით მისმა შემოსავალმა 124 522,46 იუანი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიაში საკუთარი წილის მმართველობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
გარდა ამისა, მინისტრის მრჩევლის პოსტზე მიქავას შემოსავალმა - 2 ოქტომბერ- 8 ნოემბრის პერიოდში 4 908,7 ლარი, ხოლო მინისტრის მოადგილის პოსტზე 9 ნოემბერი-31 დეკემბრის პერიოდში 26 825 ლარი შეადგინა.
ლაშა მიქავასთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილი და მეუღლე, რომელსაც საბანკო ანგარიშებზე - 10 229.41 ლარი და 7 600 დოლარი ჰქონდა. ის არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული და თავის საქმიანობით წლიურად 4 018,5 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.