„თეთნულდი დეველოპმენტმა“ მუშაობა შეწყვიტა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სუბიექტის რეორგანიზაცია 2018 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა. „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ „თეთნულდი დეველოპმენტის“ გაუქმების მიზეზად „კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მუხლის დასრულებას ასახელებენ“.
„თეთნულდი დეველოპმენტმა“ კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მუხლი შეასრულა. ეს იქნებოდა საბაგიროების მოწყობა თუ ა.შ. სწორედ ამიტომ, შპს-მ ფუნქციონირება შეწყვიტა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.
ცნობისათვის, „თეთნულდი დეველოპმენტი“ 2013 წლის მაისში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო. 2017 წლიდან „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბაზაზე დაფუძნებულ „თეთნულდი დეველოპმენტს“ სამეთვალყურეო საბჭოს მართავდა. საბჭო კი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ყოფილ დეპუტატს სოსო ჯაჭვლიანს საპარლამენტო მანდატი გაუუქმდა. სამეწარმეო რეესტრის 2017 წლის თებერვლის ამონაწერის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარედ სწორედ სოსო ჯაჭვლიანი დაინიშნა. მისი ძირითადი ფუნქცია მულახის თემთან მოლაპარაკებები იყო. საბჭოს წევრები იყვნენ გიორგი ზღუდაძე და ირაკლი ჟღენტი. დირექტორის თანამდებობა კი ბექა ჩოგოვაძეს ეკავა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოსო ჯაჭვლიანი „თეთნულდი დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ სწორედ მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპარლამენტო მანდატი გაუუქმდა. (მაშინ „ოცნებამ“ „პარტიული სიით“ სხვა ყოფილი დეპუტატებიც დაასაქმა). ამ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფოს სოსო ჯაჭვლიანის დაქირავება 129,950 ლარი დაუჯდა. როგორც „ფლანგვის დეტექტორი“ 2018 წლის დეკემბერში წერდა, ყოფილი დეპუტატის ყოველთვიურ ხელფასი 6,150 ლარს შეადგენდა.
„სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციები გაურკვეველია. შპს “თეთნულდი დეველოპმენტის” დირექტორი ბექა ჩოგოვაძეა, რომელსაც სამჯერ უფრო ნაკლები თანამდებობრივი სარგო აქვს მიღებული (2017: 45,321 ; 2018: 47,775), ვიდრე სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეს - სოსო ჯაჭვლიანს.
„თეთნულდი დეველოპმენტის” სამეთვალყურეო საბჭო სოსო ჯაჭვლიანის საპარლამენტო ვადის ამოწურვამდე არ არსებობდა. სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნიდან დღემდე, შპს “თეთნულდი დეველოპმენტს” 1 770 807 ლარის შესყიდვები აქვს განხორციელებული.
„თეთნულდი დეველოპმენტი” 2013 წელს შეიქმნა და დაევალა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიაა. ამ უკანასკნელის მესაკუთრე კი სახელმწიფოა.
შპს თეთნულდი დეველოპმენტში სოსო ჯაჭვლიანის ოფიციალური ფუნქციებია:
კონტროლს უწევს დირექტორის საქმიანობას;
პარტნიორთა კრებას წარუდგენს მოტივირებულ წინადადებებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
შეუძლია მოითხოვოს საწარმოს საქმიანობის ანგარიში;
შეუძლია გააკონტროლოს საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია;
ამოწმებს მოგების განაწილების და ფინანსური ვალდებულებების აღების საკითხებს“, - წერდა „ფლანგვის დეტექტორი“.
აღსანიშნავია, რომ „თეთნულდი დეველოპმენტმა“ მისი მუშაობის პერიოდში 455 ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით - 17,434,304 ლარი.