„მიკროგრინი“ პროდუქციის მიწოდების არეალს აფართოვებს - ვერტიკალურ სათბურში მოყვანილ მიკრომწვანილზე მოთხოვნა იზრდება

„მიკროგრინი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ვერტიკალურ სათბურში მიკრომწვანილს აწარმოებს. ეს არის ჩვეულებრივი ბოსტნეულის მცირე ვერსია, რომელიც დათესვიდან 1-3 კვირაში იკრიფება, სანამ ჯერ კიდევ მწვანილის მსგავსი ფორმა აქვს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სწორედ ამ ახალგაზრდა ასაკის გამო გამოირჩევა მიკრო-მწვანილი სასარგებლო თვისებებით - „მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრო-მწვანილში 40-ჯერ უფრო მეტი სასიცოცხლო ნუტრიენტია, ვიდრე მის ზრდასრულ ვერსიაში“.

კომპანიის თანადამფუძნებლი მარიამ გენებაშვილი East Fruit-თან საუბრისას აცხადებს, რომ კომპანია პროდუქციით წელს უკვე რეგიონებსაც მოამარაგებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „მიკროგრინის“ პროდუქცია წარმოდგენილია თბილისში, რესტორნების ქსელებსა და სუპერმარკეტებში, უახლოეს მომავალში კი ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, გეგმაშია სომხეთში ექსპორტის გაზრდაც, სადაც „მიკროგრინის“ პროდუქცია მცირე ოდენობით 2018 წელს უკვე გავიდა. მიკრომწვანილი რესტორნების ქსელებმა შეიძინეს.

მარიამ გენებაშვილის თქმით, თუ მოთხოვნა იქნება, კომპანია მზად არის საკუთარი პროდუქტის მიწოდება სხვა ქვეყნებშიც განახორციელოს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს პროდუქტის გარკვეული რაოდენობა თვითმფრინავით ყატარში გაიგზავნა.

ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს.

შპს-მ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო.

ამ დროისთვის სათბურში იწარმოება: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია და რუკოლა.

ნინი ქეთელაური