საქართველოში გაზის განაწილების პროექტის განსახორციელებლად, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ გაზგამანაწილებელი კომპანია „თელავგაზი“ შეისყიდა, რომელიც თელავის რაიონში გაზის დისტრიბუციას ახორციელებს.
როგორც აზერბაიჯანულ კომპანიაში აცხადებენ, „თელავგაზის“ შეძენა არის გაგრძელება იმ საქმიანობისა, რომელსაც „სოკარგაზ ჯორჯია“ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის განაწილების ქსელის მართვის ფართომასშტაბიანი პროექტის შესაბამისად ახორციელებს.
„კორპორატიული სტრატეგიის შესაბამისად ეს აქტივები, ქვეყანაში გაზის განაწილების ერთიანი პროექტის კომპონენტებია. თელავის რაიონში აქტივების დამატება, კახეთის რეგიონში და საქართველოს დიდ ნაწილში, გაზგანაწილების ოპერაციების მასშტაბის გაფართოების საშუალებას იძლევა. გამონაკლისია მხოლოდ დედაქალაქი - თბილისი“, - აცხადებს „სოკარი“.
„სოკარს“ საართველოში ის გაზი შემოაქვს, რომლებიც საკუთარ აზერბაიჯანულ საბადოებზე აქვს მოპოვებული. ამასთან, იმპორტი საკუთრივ კომპანიის სახსრებით, უცხოური კომპანიების ჩარევის გარეშე ხორციელდება. გარდა ამისა, საქართველოში შემოდის საზღვაო შელფზე არსებულ საბადო „შაჰ დენიზის“ გაზი, რომელსაც „სოკარი“ უცხოურ კომპანიებთან პარტნიორობით მოიპოვებს.
ამჟამად „სოკარი“ საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელია. მასვე შემოაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. მისი შვილობილი კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“, ქვეყანაში გაზგანაწილების ქსელის მოდერნიზებით და გაფართოებით არის დაკავებული. ასევე აფართოებს ავტომობილების გაზით გასამართი სადგურების ქსელს. მასვე ეკუთვნის ყულევის ნავთობტერმინალი, რომლიდანაც აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიოს ბაზრებზე გააქვს.