თუ გამოძიება დაადგენს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომა დაშვებული, ზუსტად იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია და სწორი მენეჯმენტის დროულად მოხვედრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას აღნიშნული კომპანიისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვალების ჩამოწერა მოხდა იმის გამო, რომ კომპანიამ ნორმალურად მოახერხოს ფუნქციონირება სწორი მენეჯმენტის პირობებში.
„ბევრი მითქმა-მოთქმაა ბოლო დღეების განმავლობაში ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე აბსოლუტურად არასწორი მოსაზრებები ისმის ეს დღეებია. კომპანიაში დროებითი მმართველი 2009 წლიდან არის შესული. ეს კომპანია პრაქტიკულად გაურკვეველ რეჟიმში იმართებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. დადასტურდა რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და მართვა. თუ გამოძიება დაადგენს, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომაა დაშვებული, ზუსტად იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია და სწორი მენეჯმენტის მოხვედრა. სწორი მენეჯმენტის ხელში მოხვედრა გულისხმობს იმას, რომ ხანგრძლივი დავა უნდა შეწყვეტილიყო. ვალების ჩამოწერა მოხდა იმის გამო, რომ ეს კომპანია პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა თავისი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.