UK Law Society „ანაკლია სითის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

ლონდონში „ანაკლია სითიმ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Law Society of England and Wales-თან, რომელიც ამიერიდან ქალაქ ანაკლიის სტრატეგიული პარტნიორი იქნება.

როგორც „ანაკლია სითის“ პრესსამსახურიდან იუწყებიან, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და UK Law Society-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და მაიკლ ლოურენსი, ხოლო მემორანდუმზე ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და Law Society-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ გრინმა.

აღსანიშნავია, რომ UK Law Society არის იურისტთა პროფესიული ასოციაცია, რომელიც 1825 წელს შეიქმნა და დაახლოებით 180 000 წევრს აერთიანებს.

„ასოციაციის მიზანია ეფექტური, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იურიდიული გარემოს უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ LSEW ხშირად არის ჩართული საკანონმდებლო რეფორმებში და რეგულარულად გასცემს კონსულტაციებს დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წინაშე წამოჭრილ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ანაკლიას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის იურიდიული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში UK Law Society აქტიურად იქნება ჩართული. ანაკლიის იურიდიული გარემო უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო ბიზნესის საუკეთესო სტანდარტებზე, უნდა უზრუნველყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და მოქნილი იურიდიული ჩარჩო, რომელიც კომპანიებს გრძელვადიანი გათვლების გაკეთების საშუალებას მიცემს და შეუქმნის მათ სტაბილურობის განცდას. ასევე, UK Law Society ჩართული იქნება ანაკლიის კორპორაციული მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რათა შემუშავდეს თანამედროვე, დაბალანსებული მმართველობითი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფს ანაკლიის სწორ და მდგრად განვითარებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ UK Law Society-სთან და ისინი იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის იურიდიული გარემოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი იურიდიული გარემო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული უნდა იყოს და მულტინაციონალურ კომპანიებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიოს. ჩვენ მათთან ერთად, ასევე, ვიმუშავებთ იმ კანონმდებლობის განვითარებაზე, რომელიც მოიზიდავს როგორც საწარმოო და ინდუსტრიულ, ისე სერვისის ინდუსტრიაში მომუშავე სხვადასხვა დიდ მულტინაციონალურ კომპანიებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ანაკლიის პორტს და საზღვაო კანონმდებლობას, რომელიც შეიძლება გახდეს ამ ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„მოხარულები ვართ, რომ ხელს ვაწერთ „ანაკლია სითისთან“ თანამშრომლობას და ვიწყებთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას, რომელიც არა მხოლოდ ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის დაცვა-გაძლიერებასაც დაეხმარება. ინგლისისა და უელსის იურისტთა საზოგადოება სიამოვნებით გაუზიარებს ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას და მომავალში კიდევ უფრო გაააქტიურებს მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა UK Law Society-ს ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ გრინმა.

აღსანიშნავია, რომ UK Law Society აქტიურად იყო ჩართული ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნაში.

„აღნიშნული პროექტი საინტერესოა იმითაც, რომ ის აქტიურად თანამშრომლობს დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან და პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანული სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კომერციული სასამართლოების შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.