უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ ვნებათაღელვაა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფორსმაჟორულ ვითარებაში შეადგინა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სია. დასახელებული პირების სანდოობა კი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამაც დატოვა, რის მიზეზადაც სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ანაზღაურება აქვთ მიღებული იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების პრობლემურ სიას დაუჭირეს მხარი.
ორგანიზაციის ცნობით, იუსტიციის საბჭოს იმ 11 წევრს, რომელთაც მოსამართლეთა კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, 2018 წელს ბიუჯეტიდან 1 036 380 ლარის ანაზღაურება აქვთ მიღებული.
რა ანაზღაურება ჰქონდა გასულ წელს თითოეულ მათგანს, შეგიძლიათ ინფოგრაფიკაზე იხილოთ: