ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის შედეგად, ტექინსპექტირების არგავლის გამო, 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა

14 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა, - ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჭკვიანი კამერები აღნიშნულ კანონდარღვევას აფიქსირებენ, ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმებულთა რაოდენობა გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პროცესში „ჭკვიანი კამერების“ ჩართვამდე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა დაიწერა.

„ჩვენი მიზანი იყო აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა. ხშირად იყო შემთხვევები და ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებიც აჩვენებდა, რომ უამრავ ავტომობილს ჰქონდა კანონით ვალდებულება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაევლო, თუმცა ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მხრიდან გადამოწმების დროს მხოლოდ მათ ნაწილზე იწერებოდა ჯარიმა და ეს პროცესი ეფექტიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად საჭიროებდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვის ერთ-ერთი მიზანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის ზრდა იყო.

„ბუნებრივია, ამ პროცესის მიზანი, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრილიყო და ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად აქტიურად მიეყვანათ, ფაქტობრივად, მიღწეულია. 14 იანვრის შემდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაიზარდა. მათ შორის გასამმაგდა, გაოთხმაგდა მიმართვიანობა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიდან ჩვენს საინფორმაციო ბაზაში დღე-ღამის განმავლობაში თუ 600 ჩანაწერი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად, გახუთმაგდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება
ე.წ. უკონტაქტო პატრულმა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა