საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2018 წლის დეკემბერში ყოველდღიურად დეკემბერში ტექდათვალიერებას თუ ყოველდღიურად 700-800 ავტომობილი გადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 3000-ს სცილდება და 4000-მდეც ადის.
ამასთან, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, დახარვეზების კუთხით საშუალო მაჩვენებელი 46%-ს შეადგენს ანუ ყოველი მეორე ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე ხარვეზდება და შესაბამისად, მათ ინსპექტირების გავლა განმეორებით უწევთ.
„14 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ამოქმედდა, საქართველოს მასშტაბით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს ყოველდღიურად მინიმუმ 3 000 მიმართავს. ზოგიერთ დღეებში კი ამ რაოდენობას აჭარბებდა კიდეც და ეს სტატისტიკა ახლაც შენარჩუნებულია.
სამწუხაროდ, მძღოლები თავად არ ამოწმებენ ავტომობილის მდგომარეობას, თუნდაც ვიზუალური დათვალიერებითაც კი, რაც შემდგომში შეიძლება, დახარვეზების მიზეზი გახდეს. მაგალითად, შეიძლება, დახარვეზების მიზეზი გახდეს ისეთი ელემენტები, როგორიც არის მაშუქი ხელსაწყოები, საბურავები, საქარე მინა, სალონში უსაფრთხოების ღვედები, იგივე უსაფრთხოების ბალიშები. მძღოლს შეუძლია, ეს ყველაფერი შეამოწმოს და ვიდრე ინსპექტირების ცენტრს მიაკითხავს, თუ მწყობრში არ არის, თავიდანვე შეაკეთოს. დახარვეზების ძირითადი მიზეზი ზუსტად ვიზუალურ დათვალიერებაზე მოდის და კარგი იქნება, თუ მძღოლები ამ კუთხითაც ინფორმირებულები იქნებიან.
განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილების 95% ინსპექტირებას გადის, დაახლოებით კი 5% ხარვეზდება“, - აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.
მისი შეფასებით, ტექნიკური ინსპექტირების შედეგების შეჯამება წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი, როგორც ეკოლოგიური, ისე სხვა მიმართულებებით. როგორც ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, თუ 2020 წლისთვის გაუმართავი ავტომობილების რიცხვი თითქმის ნულამდე იქნება დაყვანილი, შეიძლება ითქვას, რომ ინსპექტირების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.