გენგეგმის დამტკიცების გაჭიანურება არ ხდება, მას თბილისის საკრებულო განიხილავს, მიმდინარეობს კონსულტაციები,- აცხადებს დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ.
„გენგეგმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი გაჭიანურება არ ხდება. უბრალოდ, დეტალურად განიხილება საკრებულოში და ალბათ, არც იქნებოდა კარგი წარდგენიდან ერთ კვირაში გენგეგმა დამტკიცებულიყო. გენგეგმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაამუშავა მერიამ და ახლა განიხილავს საკრებულო. კონსულტაციის რეჟიმში ვიმყოფებით და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ჩვენ დავპირდით თბილისს, რომ გენგეგმა განახლდებოდა და აუცილებლად განახლდება“,- განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. თბილისის მერიას გენგეგმაზე გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და ის უკან დააბრუნა. საბოლოოდ "სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა, რომელიც ახლა საკრებულოშია განსახილველად.