ნავთობმა ახალი კვირა გაიაფებით დაიწყო, რისი ძირითადი მიზეზიც გახდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარშან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა 35 ცენტით, 62.35 დოლარამდე დაიკლო, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 23 ცენტით, 53.57 დოლარამდე შემცირდა.
გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 6.6 პროცენტამდე შემცირდა, რაც ბოლო 28 წლის ყველაზე „ცუდი“ მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2017 წლის ზრდის ტემპი 6.8 პროცენტი იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების ნაწილი, ეკონომიკის ზრდის ტემპის უფრო მკვეთრ ვარდნასაც კი ელოდა.
„CMC მარკეტსის“ ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი მაიკლ ჰიუსონი ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდაზე თავისი გავლენა იქონია შეერთებულ შტატებთან გართულებულმა სავაჭრო ურთიერთობამ. მისი თქმით, ინვესტორები იმასაც აცნობიერებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკას არ შეეძლო მუდმივად იმ ტემპით განვითარება, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ნავთობის ფასს სწრაფი გაიაფებისგან იცავს ის გარემოება, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) ყოველდღიური მიწოდების შეკვეცის გადაწყვეტილება მიიღო.
ING-ს სასაქონლო ბაზრების სტრატეგი უორენ პატერსონი ამბობს, რომ წელს ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 70 დოლარის ფარგლებში იქნება.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობის დღიური გადამუშავების მოცულობა 12.1 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც შარშანდელი იანვრის მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია.
„ბეიკერ ჰიუზის“ მონაცემებით, გასულ კვირას, ამერიკულმა კომპანიებმა მომუშავე ჭაბურღილების რიცხვი 21-ით, 852-მდე შეამცირეს. ეს კი 2018 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცნობისათვის, შეერთებულ შტატებში ნავთობის დღიური მოპოვება შარშან 2 მილიონზე მეტი ბარელით გაიზარდა და რეკორდულ 11.9 მილიონს მიაღწია. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ წელს ამერიკაში დღიური მოპოვების მაჩვენებელი 12 მილიონ ბარელს ასცდება.