სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ ორგანული კანონის პარლამენტში ინიცირება თებერვალში იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განუცხადა.
კანონი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებისა და საკუთრების უფლების მოპოვების საკითხებს დაარეგულირებს. დანელიას ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე და მათ მიწა საკუთრებაში მხოლოდ მემკვიდრეობით შეიძლება მიიღონ. იურიდიული პირის შემთხვევაში კი სასოფლო სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები) ფლობს.
რაც შეეხება ქორწინებით საკუთრების უფლების მიღებას, კანონპროექტის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა დაიკანონოს მიწა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის საქართველოს მოქალაქეზე კანონიერ ქორწინებაში იმყოფება.
„არსებობს ფიქტიური ქორწინებების სერიოზული საფრთხე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არ ღირს ამ რისკის გაწევა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კანონპროექტის თანახმად, მიწა შეიძლება გადავიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში, თუ ის ადგილზე სტრატეგიული და რეგიონული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებისათვის საჭირო იქნება მთავრობის გადაწყვეტილება.
„კანონის პროექტის თანახმად მთავრობის დისკრეცია თავის თავში მოიაზრებს ძალიან კონკრეტულად გაწერილ პროცედურას. რომელიც იწყება ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე. უნდა დასაბუთდეს, რატომ შეიძლება იყოს ესა თუ ის პროექტი და ინვესტიცია მნიშვნელოვანი კონკრეტული სოფლისთვის, რაიონისთვის და რეგიონისთვის. აღნიშნულის განხილვა გრძელდება უწყებათაშორისი კომისიის ბაზაზე შექმნილ ორგანოში, რომელიც ზოგადად მართავს სასოფლო სამეურნეო მიწის პოლიტიკას, კანონის პროექტის თანახმად. შემდეგ კი პროექტი გადაეგზავნება მთავრობას მოსაწონებლად და აქაც საჭიროა დასაბუთება,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების სარგებლობაში საერთო ჯამში 50 ათას ჰექტარაამდე მიწის ნაკვეთია. ეს მიწები უცხოელებზე ქვეყანაში მორატორიუმის გამოცხადებამდე გასხვისდა.