2018 წელს კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ

კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2018 წელს ბანკებმა 914,7 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 44,9 მლნ ლარით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 119,103 მლნ ლარი შეადგინა, რაც 33,460 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 152,563 მლნ ლარი იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 392,443 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 255,949 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,082 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 21,483 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა წლის დეკემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 36,188 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ბანკებმა 17,311 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს ბანკებმა 869 798 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2016 წელს - 631 815 000 ლარის, 2015 წელს - 537 394 000 ლარის, 2014 წელი კი 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს.