გენგეგმის დამტკიცების გაჭიანურება არ ხდება, უბრალოდ დეტალურად მიმდინარეობს მისი განხილვა - ასე უპასუხა palitranews-ის კითხვას თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.
„გენგეგმა სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი ამოქმედების გაჭიანურება არ ხდება. უბრალოდ, დეტალურად მიმდინარეობს მისი განხილვა საკრებულოში. ალბათ, არც იქნებოდა კარგი, გენგეგმა წარდგენიდან ერთ კვირაში დამტკიცებულიყო. დოკუმენტზე მერიამ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა და ახლა მას დეტალურად განიხილავს საკრებულო. ვიმყოფებით კონსულტაციების რეჟიმში. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ჩვენ დავპირდით თბილისს, რომ გენგეგმა განახლდებოდა და აუცილებლად განახლდება კიდეც“,-განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ამოქმედების თარიღად დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 2019 წლის 1-ელ იანვარს ასახელებდა, თუმცა გენგეგმა ამ დრომდე საკრებულოშია განსახილველად და მისი დამტკიცება ჯერჯერობით არ მომხდარა.